კალათბურთი

21:10 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი რუსეთში ერთდღიანი დაყოვნების შემდეგ შეუშვეს

გიორგი შერმადინი რუსეთშია. ის ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტიდან, სადაც წუხანდელი ღამე გაატარა, თავისი გუნდის სასტუმროში დღეს, დაახლოებით 19:00 საათისთვის გადავიდა. გიორგი შერმადინის გუნდი რუსეთის ქალაქში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის სათამაშოდ ჩავიდა, თუმცა “ტენერიფეს” ქართველი ცენტრი რუსეთის ვიზის არქონის გამო საზღვარზე არ შეუშვეს.

შერმადინმა ღამე აეროპორტში გაატარა და ელოდებოდა სავიზო პრობლემის მოგვარებას, რომელიც გვარიანი დაგვიანებით, თუმცა მაინც მოგვარდა. შერმადინს აქვს ესპანეთის რეზიდენტის მოწმობა, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში დაუბრკოლებლად მოგზაურობს, თუმცა რუსეთში ამ საბუთმა არ გაჭრა და მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ვიზა მოსთხოვეს.

შერმადინის პრობლემის შესახებ საკალათბურთო საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც გიორგის ბრაზილიელმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა ინსტაგრამზე დადო ფოტო სკამის გამოსახულებით და მინაწერით – ამ სკამზე, აეროპორტში გაათენა ღამე ჩვენი გუნდის საუკეთესო კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა. უერტასმა ქართველი ცენტრი გაამხნევა და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია მალე მოგვარდება.

შეგახსენებთ, რომ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდი ფინალურ ეტაპს ნიჟნი ნოვგოროდში ჩაატარებს. მეოთხედფინალურ შეხვედრაში “ტენერიფეს” მეტოქე 6 მაისს ფრანგული “სტრასბური” იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც შერმადინის გუნდი ნახევარფინალში ესპანურ “ბურგოსსა” და ებრაულ “ჰაპოელ ჰოლონს” შორის უმჯობესს შეხვდება. ბურგოსის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი იცავს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116645