ფეხბურთი

14:40 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "იმედგაცრუება იქნება უმაღლეს დივიზიონში თუ ვერ გადავალთ"

გიორგი მიქაუტაძის „სერანს“ ბელგიის იუპილერ ლიგაში აღზევების შანსი აქვს და პლეი-ოფში „ვაასლანდ ბევერენს“ გაეჯიბრება. ორრაუნდიანი დუელის პირველი შეხვედრა შაბათს გაიმართება და მატჩის წინ ქართველმა ფეხბურთელმა ისაუბრა.

„ჩვენს თავზე ზეწოლას არ ვახდენთ და აღფრთოვანებული ვართ, რომ ამ ტიპის თამაში გველოდება. ძალიან კარგი სეზონი გვქონდა, მეორე ადგილზე გავედით და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ. რთული მატჩი გველოდება, რადგან „ვაასლანდ ბევერენს“ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი ძალა დავამტკიცოთ. სეზონი ჩვენთვის უკვე წარმატებულია, მაგრამ თუ იუპილერ ლიგის საგზურს ვერ მოვიპოვებთ, იმედგაცრუება იქნება, ვინაიდან მიზანთან ძალიან ახლოს ვართ“, - თქვა გიორგიმ.

შეგახსენებთ, „სერანი“ „ვაასლანდ ბევერნს“ პლეი-ოფში 1 და 8 მაისს შეხვდება. მიქაუტაძემ პროქსიმუს ლიგაში 21 მატჩში გატანილი 19 გოლით საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელი ბელგიაში იჯარით თამაშობს და მისი სატრანსფერო უფლებები ფრანგულ „მეცს“ ეკუთვნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153827