ჭიდაობა

22:46 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა, რომელიც ელიზბარ ოდიკაძის ანგარიშზეა. მან ბრინჯაოს მედლის დაუფლება მოახერხა.

97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძემ ასპარეზობა მოლდოველ რადუ ლეფტერთან (10:0) გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ ბელარუსი ალიაკსანდრ ჰუშტინი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, თუმცა კენჭაძის მსგავსად ფინალში გასვლა ვერ შეძლო, რადგან თურქ სულეიმან კარადენიზთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი შამილ ზუბაიროვი 5:0 დაამარცხა.

79 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა ნიკა კენჭაძემ გუშინ დაიწყო და ნახევარფინალამდე უკრაინელი ვალენტინ ბაბი (10:5) და რუსი მალიკ შავაევი (4:3) დაამარცხა, ნახევარფინალში კი სლოვაკ ახსარბეკ გულაევთან 4:5 დამარცხდა და დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. ნიკამ სომეხი არმან ავაღიანი 47 წამში აშკარა უპირატესობით 10:0 დაამარცხა და საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოუტანა.

ამრიგად, საქართველოს დელეგაციის აქტივში ორი ბრინჯაოს მედალია. ხვალ ფინალში ოქროს მედლისთვის სანდრო ამინაშვილი (86 კგ) იჭიდავებს, ხოლო ბექა ლომთაძეს (61 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს, ისევე როგორც ავთანდილ კენჭაძეს (74 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ), რომლებიც ხვალ რეპეშაჟში ჩაერთვებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112578