რაგბი

11:00 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ნინიაშვილმა მუხიანელებს მეორე ადგილი შეუნარჩუნა

ჭაბუკთა ა’ ლიგის მე-11 ტურში, პირველობის უპირობო ლიდერ ‘ლელოს’ ქუთაისში, აუტსაიდერ ‘არესის’ დამარცხება მოსალოდნელისამებრ არ გაჭირვებია. ‘ხარებმა’ მიჯრით 6 განცდილი მარცხის შემდეგ, მიმდინარე კალენდარულ წელს პირველი გამარჯვება მოიპოვეს და პლეი ოფისკენ მძლავრი ნაბიჯი გადადგეს. ‘ხვამლი’-აიას’ დაპირისპირება, ტურში გამორჩეული გახლდათ. გუნდები რეგულარულ სეზონში მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რათა პლეი ოფში, ფინალში გასვლის შემთხვევაში მეტად არასასურველ მეტოქე ‘ლელოსთან’ დაპირისპირება სატიტულო მატჩამდე აიცილონ.

ჩემპიონატის უპირობო ლიდერი ‘ლელო’ ქუთაისში ‘არესს’ ესტუმრა და პირველობის აუტსაიდერი დაგეგმილი პრემიით 55:5 დაამარცხა. ჩემპიონის დამრიგებელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა ინტესნიური წვრთნისა და მიყოლებული შეხვედრებით გადაღლილი ძირითადი შემადგენლობის 2/3 დაასვენა, რამდენიმე დებიუტანტს კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა.

‘ლელოს’ მარქაფამ მწვრთნელის დასახულ ამოცანას კარგად გაართვა თავი, თუმცა თამაშის სასურველ რიტმში წარმართვა ჩემპიონმა მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა. ‘ლელოს’ სათამაშო პრიორიტეტს ნაკლები რაქი, მაქსიმალურ სიჩქარეზე ოვალის სწრაფი გაშლა და დროული მიყოლა განსაზღვრავს. გუნდის კაპიტანი და მგეზავი პეტრე ხუციშვილი მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა. ‘ლელოს’ ერთ-ერთი ლიდერის ჩვეულმა ოსტატობამ და გააზრებულმა თამაშმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია ‘ლელოს’ ფულბეკ შალვა აფციაურის ჩინებული თამაშიც, ვინაც მატჩის ბოლო ლელოს ავტორიც გახლავთ. ‘ლელომ’ მასპინძლებს მთლიანობაში 9 ლელო გაუტანა. მარბიელმა გიორგი ქობალიამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ‘არესის’ მხრიდან პრესტიჟის ლელოს გატანა პირველი ტაიმის მიწურულს მარბიელმა ირაკლი თევზაძემ მოახერხა.

‘ლელო’ ჩემპიონატს ფენომენალური შედეგით აგრძელებს. ჩემპიონმა პირველობის 11-ივე შეხვედრა პრემიით მოიგო, 670 სამატჩო ქულას მოუყარა თავი და 55 საცხრილო ქულის მქონე ლიდერი, მდევარ ‘ხვამლს’ მთელი 14 ქულით უსწრებს.

ავჭალაში, სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების, ‘ლოკომოტივისა’ და მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. მატჩის ბედი კი ბოლო წუთზე ‘არმაზის’ კაპიტან ოთარ მეტრეველის გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა 21:18.

წინა ტურში, ‘ბათუმთან’ უფერული თამაშისა და განცდილი მარცხისგან, ქვემო ქართლელებმა სათანადო დასკვნები დროულად გამოიტანეს და ‘რკინიგზელებთან’ შეხვედრაში გაცილებით უკეთ გაისარჯნენ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ‘რკინიგზელებმა’ მთავარ გუნდს თავისი ბირთვის 3 მოთამაშე დაუთმეს, რაც ვახტანგ კავთიძის ბიჭების თამაშის ხარისხზე უარყოფითად აისახა. მართალია, ‘ლოკომოტივი’ მეორე ტაიმის შუაწელამდე 7-ქულიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა მატჩის დასკნით ნაწილში ჯერ ბურჯმა ავთო გოგიაშვილმა გაჭრილი ხაზით მოახერხა ლელოს გატანა, რომელიც მეტრეველმა ზუსტად გარდასახა. ‘არმაზის’ მგეზავის და ლიდერის ბოლო წუთზე გატანილმა ჯარიმამ ქვემო ქართლელთა სეზონში მეხუთე გამარჯვება დააფიქსირა. ‘არმაზმა’ 25 ქულა დააგროვა, ცხრილში ადგილი ‘ლოკომოტივს’ გაუცვალა და მოწინავე კვარტეტსაც დაუბრუნდა.

‘ხარებმა’ პლეი ოფში ადგილის შესანარჩუნებლად ვინძლო ბოლო შანსი გამოიყენეს. თემურ ლობჟანიძის ბიჭებმა ნავსი გატეხეს, მიჯრით 6 წაგებული შეხვედრის შემდეგ, წლეულს პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ‘ხარებმა’ რუსთავში, მდევარ და უშუალო კონკურენტ ‘ბათუმს’ დაძაბულ ბრძოლაში 27:19 მოუგეს. ქვემო ქართლელთა 8-ქულიანი ჰანდიკაპის მიუხედავად, დარჩენილ 3 ტურში გასამართი შეხვედრების სირთულის ხარისხის გათვალისწინებით, აჭარლებს მოწინავე ექვსეულში მოხვედრის გარკვეული შანსი კიდევ რჩებათ.

პირველი ნახევარი სტუმართა მცირე უპირატესობით წარიმართა. ფულბეკ ვიტალი ირემაძის შესრულებული „დუბლით“ აჭარლები შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ‘ხარებმა’ მეორე ნახევარში თამაში დაალაგეს და ინიციატივასაც დაეუფლნენ. მართალია, ბათუმელთა ფრთა მირიან ვერულიძის ლელოთი ლაშა დუმბაძის შეგირდები ანგარიშში უპირატესობას მეორე ტაიმის შუაწელამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა გარდამტეხი ხარების ჰუქერ გიორგი გოგუაძის მიერ დადებული წყვილი ლელო გამოდგა. გოგუაძემ თავისი მეორე ლელო ბოლო წუთებზე გაიტანა და ‘ბათუმს’ ნუგეშ-ქულაც არ დაანება.

ტურის გამორჩეული შეხვედრა „ხვამლი-არენაზე“ გაიმართა. წინა წლების მსგავსად, ‘ხვამლი’-‘აიას’ შეხვედრას ორმაგი დატვირთვა არც ამჯერად მოკლებია. მუხიანელები პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებასა და სატურნირო ცხრილში სასურველი მეორე პოზიციის შენარჩუნებას ლამობდნენ. დაკარგული ქულების გათვალისწინებით, რიონისპირელები მასპინძლებს ცხრილში პოტენციურად ასწრებდნენ. შეხვედრის მიმართ ინტერესს ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავის დავით ნინიაშვილის მონაწილეობაც ამძაფრებდა. ‘ხვამლის’ 18 წლის ფულბეკმა რიონისპირელებს მთელი მატჩის მანძილზე უამრავი პრობლემა შეუქმნა, 2 ჯარიმაც გაიტანა და საკუთარი გუნდის მნიშვნელოვან გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო 21:14.

ტაიმ-ნახევრის მანძილზე მასპინძლები დომინირებდნენ. ‘ხვამლი’ სისწრაფეზე ოვალს კარგად შლიდა, რასაც პირველ ნახევარში რატი ურუშაძის შეგირდთა 3 გატანილი ლელო მოჰყვა / ფრთა ტატო ნადირაშვილი, შუამარბი ბაჩანა მონიავა, მხტომელი ირაკლი სულეიმანაშვილი /. გაგა გურეშიძის შეგირდები კი მგეზავ მიშო ჟორჟოლიანის არეკნი-ჯარიმით მოპოვებულ 6 ქულას დაჯერდნენ. ასევე აღსანიშნავია დაცვაში მასპინძელთა საიმედო თამაში. ‘აიამ’ მატჩის დასკვნით ნაწილში მაინც მოახერხა საკუთარი თამაშის პოვნა. რიონისპირელთა შუამარბ უჩა შარვაშიძის ლელომ მუხიანელებს პრემიის აღება არ დაანება. ბოლო წუთზე კი ჟორჟოლიანის გატანილმა ჯარიმამ სტუმრებს ნუგეშ-ქულა არგუნა.

‘ხვამლმა’ მიჯრით მეექვსე გამარჯვებითა და 41 ქულით ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარა, ‘აიას’ 6 ქულით გაუსწრო, თუმცა რიონისპირელებს მარაგში ‘არმაზსთან’ გადადებული შეხვედრა რჩებათ. მორიგ ტურში მუხიანელებს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ‘ხვამლი’ პირველობის ლიდერსა და ჩემპიონ ‘ლელოს’ დაუპირისპირდება.

„ვერცხლის“ ჯგუფიდან კი ელიტას პლეი ოფში მონაწილე გუნდთა ვინაობა გაირკვა. დასავლეთის 3-გუნდა ჯგუფი დამაჯერებლად ‘ზუგდიდმა’ მოიგო. აღმოსავლეთში კი ფავორიტმა ‘აკადემიამ’ 2 განცდილი მარცხის შემდეგ ფინიშზე დროულად მოახერხა ძალთა სათანადო კონცენტრაცია. პაატა ნარიმანაშვილის ბიჭებმა უშუალო კონკურენტ ‘ყოჩებს’ მეორე ტაიმში 3 ლელო დაუდეს / ჰავბეკი კოტე იაშვილი, მარბიელი ნიკა გოგლიძე, ჰუქერი საბა ჯელია/, რასაც ფულბეკ ნიკა შონიას 2 გარდასახვა და 3 გატანილი ჯარიმაც მოჰყვა. ‘მხატვრებმა’ 28:10 მოიგეს და ჯგუფში პირველობაც გაინაღდეს.

‘აკადემია’-ზუგდიდის’ გასამართ პლეი ოფს მეტოქენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რამეთუ გამარჯვებული გუნდი „ოქროს“ პლეი ოფის პირველ ეტაპზე უპირობო ფავორიტ ‘ლელოსთან’ დაპირისპირებას თავიდან აიცილებს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119163