ჩოგბურთი

22:38 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მონტე კარლოს მასტერსს ახალი ჩემპიონი ეყოლება

მონტე კარლოს მასტერსზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ტურნირზე ზედიზედ მეორეჯერ დაფიქსირდა სენსაცია - ანდრეი რუბლიოვმა ტურნირის 11-გზის გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალი 6:2, 4:6, 6:2 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გავიდა მასტერსის სერიის ტურნირების ნახევარფინალში. ნადალს ამ ტურნირზე 73 მოგება ჰქონდა და ახლა უკვე მეექვსედ დამარცხდა.

განვლილ შეხვედრაში სტაბილური თამაში ორივე ჩოგბურთელმა ვერ აჩვენა, რადგან მეტოქეები ჯამში 11-ჯერ დაბრეიკდნენ. რუბლიოვმა ნადალი შვიდჯერ დააბრეიკა, ხოლო რაფამ ანდრეი - ოთხჯერ. ნადალმა შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო რუბლიოვმა - ორი. მეორე სეტში ანდრეი ბრეიკით დაწინაურდა და ნადამა მხოლოდ მერვე გეიმში შეძლო უკუბრეიკის შესრულება. ამის შემდეგ ესპანელმა კიდევ ორი გეიმი მოიგო და თითქოს თამაში უნდა შემოეტრიალებინა, თუმცა ანდრეიმ გადამწყვეტ სეტში მეტოქის მოწოდებაზე სამჯერ მოიგო გეიმი და ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირს დაემშვიდობა მოქმედი ჩემპიონი ფაბიო ფონინი. იტალიელი ჩოგბურთელი 22 წლის ნორვეგიელმა კასპერ რუუდმა 6:4, 6:3 დაამარცხა. კასპერი მეორედ გავიდა მასტერსის სერიის ტურნირის ნახევარფინალში - პირველად მან ეს გასულ წელს რომში შეძლო. ნახევარფინალში რუდი რუბლიოვს შეხვდება, რომელთანაც გამარჯვება მოპოვებული არ აქვს. ნორვეგიელი რუსს სამჯერ შეხვდა. 2019 და 2020 წელს რუბლიოვმა მეტოქე ჰამბურგში დაამარცხა, ხოლო მიმდინარე წელს ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში რუუდმა თამაში ტრავმის გამო შეწყვიტა.

დანი ევანსმა მსოფლიო ნომერ პირველ ჩოგბურთელთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან მოგებული მატჩის შემდეგ ძალები აღიდგინა და ტურნირზე შესანიშნავ ფომაში მყოფი დავიდ გოფინი 5:7, 6:3, 6:4 დაამარცხა. ბრიტანელი ჩოგბურთელი მონტე კარლოს მასტერსზე წარუმატებელი ნავსი გატეხა. ევანსმა გრუნტის საფარზე ბოლოს 2017 წელს ბარსელონას ტურნირზე მოიგო და მას შემდეგ აღნიშნულ საფარზე 10 მატჩი ჰქონდა წაგებული. ჯოკოვიჩამდე და გოფინამდე ევანსმა მონტე კარლოს მასტერსის 2019 წლის ფინალისტი დუშან ლაიოვიჩი და მაიამის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ჰუბერტ ჰურკაჩი დაამარცხა. გოფინთან გამარჯვება კი დანისთვის აღსანიშნავია, რადგან პირველად შეძლო მასტერსის სერიის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.

ნახევარფინალში ევანსი სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელიც ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან პირველი სეტის მოგების (7:5) შემდეგ გამარჯვებულად გამოცხადდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება და ბერძენი მასტერსის სერიის ტურნირების ნახევარფინალში მეექვსედ გავიდა. გრუნტის საფარზე სამი მასტერსის ტურნირი იმართება და აქამდე სტეფანოსი 2019 წელს რომსა და მადრიდში მოიპოვა საუკეთესო ოთხ ჩოგბურთელს შორის ადგილი. ციციპასი და ევანსი ATP-ის ტურნირებზე აქამდე ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი 2020 წელს გაიმართა - ბერძენმა ბრიტანელი დუბაიში ნახევარფინალში 6:2, 6:3 დაამარცხა, ხოლო ჰამბურგში პირველივე წრეში სძლია ანგარიშით 6:3, 6:1.

ხვალ თბილისის დროით 15:30 საათზე ევანსის და ციციპასის მატჩი დაიწყება, ხოლო ამ შეხვედრის შემდეგ კორტზე რუბლიოვი და რუუდი გავლენ. ყველა შემთხვევაში მონტე კარლოს მასტერსს ახალი გამარჯვებული ეყოლება, რადგან ტურნირს დაემშვიდობნენ მსოფლიოს პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, 11-გზის გამარჯვებული რაფა ნადალი და მოქმედი ჩემპიონი ფაბიო ფონინი.

0.155852