ჩოგბურთი

21:58 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მონტე კარლოს მასტერსი - ნადალის და ჯოკოვიჩის წარმატებული სტარტი

2021 წლის მონტე კარლოს მასტერსზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია. ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობა დაიწყეს მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და მესამე ნომერმა რაფაელ ნადალმა.

სერბმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში იტალიელი, იანიკ სინერი 6:4, 6:2 დაამარცხა. ჯოკოვიჩმა მაიამის მასტერსის ფინალისტთან შეხვედრაში 20 ვინერსი შეასრულა. მიმდინარე წელს ბალკანელმა ათი მატჩი ჩაატარა და ათივე შეხვედრა მოიგო. მატჩისშემდგომ ინტერვიუში ნოვაკმა იტალიელი შეაქო და აღნიშნა, რომ მას ტალანტი აქვს და ეს მაიამიში უკვე დაადასტურა. შემდეგ შეხვედრას ჯოკოვიჩი დანი ევანსთან გამართავს, რომელმაც მეორე წრეში მაიამის მასტერსის გამარჯვებული ჰუბერტ ჰურკაჩი 6:4, 6:1 დაამარცხა. ბრიტანელი და სერბი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრილან.

მეორე წრეში გამარჯვება იზეიმა რაფაელ ნადალმა. ესპანელმა ფედერიკო დელბონისი 6:1, 6:2 დაამარცხა და მონტე კარლოს მასტერსზე 72-ე გამარჯვება იზეიმა. აღნიშნულ მასტერსზე ესპანელს კარიერაში მხოლოდ ხუთი წაგება აქვს. ნადალი მონტე კარლოს ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ 2005-დან 2012 წლების ჩათვლით გახდა. ასევე, ზედიზედ სამჯერ მოიგო 2016, 2017 და 2018 წლებში. რაფა მერვედფინალში გრიგორ დიმიტროვს შეხვდება, რომელმაც მეორე წრეში ჟერემი შარდი 7:6, 6:4 დაამარცხა. ესპანელი და ბულგარელი აქამდე 14-ჯერ შეხვდნენ და გრიგორმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. მონტე კარლოს მასტერსზე ნადალმა ბულგარელი სამჯერ დაამარცხა.

ტურნირის მესამე ნომერმა სტეფანოს ციციპასმა გუშინ ასლან კარაცევი 6:3, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში კრისტიან გარინს შეხვდება. ჩილელმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში ჯონ მილმანს 6:1, 6:4 მოუგო. სტეფანოსი და კრისტიანი ერთხელ ჩელენჯერის ტურნირზე შეხვდნენ და 2018 წელს გარინმა მოიგო. ორი წლის შემდეგ ციციპასმა ჩილელი ჰამბურგში დაამარცხა.

მერვედფინალში გავიდა მეხუთე ნომერი ალექსანდრ ზვერევი. გერმანელმა მეორე წრეში კალიარის ტურნირის გამარჯვებული ლორენცო სონეგო 6:3, 6:3 დაამარცხა. მერვედფინალში ზვერევი დავიდ გოფინს შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში მარინ ჩილიჩს 6:4, 3:6, 6:0 მოუგო, ხოლო დღეს მარკო ჩეკინატო 6:4, 6:0 დაამარცხა. ბელგიელი და გერმანელი კარიერაში ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და გოფინი მეტოქეს 3:2-ს ამარცხებს.

წარმატებულად დაიწყო ტურნირი მეექვსე ნომერმა ანდრეი რუბლიოვმა. რუსმა მეორე წრეში სალვატორე კარუზო 6:3, 6:2 დაამარცხა. მერვედფინალში რუბლიოვი რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში ტეილორ ფრიცს მოუგო, ხოლო მეორეში - ტომი პოლს. ესპანელი და რუსი ბოლოს გასულ თვეში დოჰაში შეხვდნენ და რობერტომ ანდრეის ნახევარფინალში 6:3, 6:3 მოუგო. ურთიერთშეხვედრებში ბაუტისტა აგუტი ლიდერობს - 4:2.

წარმატებულ თამაშს აგრძელებს პაბლო კარენო ბუსტა, რომელმაც გასულ კვირას მარბელას ტურნირი მოიგო, ხოლო მონტე კარლოს მეორე წრეში კარენ ხაჩანოვი 6:2, 6:3 დაამარცხა. მერვედფინალში ესპანელი კასპერ რუდს შეხვდება, რომელმაც დიეგო შვარცმანი (მეცხრე ნომერი) გამოთიშა ასპარეზობას. აღნიშნული ჩოგბურთელები ATP-ის ტურნირებზე ორჯერ შეხვდნენ და თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს.

მონტე კარლოს მასტერსის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 15 აპრილს გაიმართება. წყვილები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

ლუკა პუი - ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა

სტეფანოს ციციპასი - კრისტიან გარინი

ნოვაკ ჯოკოვიჩი - დანიელ ევანსი

დავიდ გოფინი - ალექსანდრ ზვერევი

გრიგორ დიმიტროვი - რაფაელ ნადალი

ფაბიო ფონინი - ფილიპ კრაინოვიჩი

ანდრეი რუბლიოვი - რობერტო ბაუტისტა აგუტი

კასპერ რუდი - პაბლო კარენო ბუსტა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160013