ფეხბურთი

15:10 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა "აიაქსში"? კვარაცხელიას აგენტი მარკ ოვერმარსს შეხვდება

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პრაქტიკულად ყოველდღე ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად, ამსტერდამის „აიაქსის“ დაინტერესებაზე დაიწერა.

როგორც რუსული გამოცემა Sport-exrpess-ი იტყობინება, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი მალე „აიაქსის“ სპორტულ დირექტორ და ვეტერან ფეხბურთელ მარკ ოვერმარსს შეხვდება და ტრანსფერის შესახებ ილაპარაკებენ.

სხვა დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე გამოცემას არ გაუვრცელებია. მოგეხსენებათ, კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 5 მილიონი ევროთი გაძვირდა და ახლა ჩვენებური 15 მილიონ ევროდ ფასობს, „რუბინი“ კი მასში სავარაუდოდ უფრო მეტსაც მოითხოვს.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 8 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „რუბინში“ მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში თავი 4 გოლით, ამდენივე საგოლე პასითა და მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ქართველ შემტევს ბოლო დროს „მილანს“, „იუვენტუსს“, „ბაიერნს“ და „დორტმუნდს“ უკავშირებენ.

0.112883