ავტოსპორტი

3:19 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

როგორ გადაასწრო „ჰონდამ“ „მერსედესს“

ტექნიკური რეგლამენტის ცვლილება ის მთავარი მიზეზია, რომლის გამოც, „რედ ბულმა“ „მერსედესზე“ სწრაფი მანქანის მომზადება შეძლო. მაგრამ წითელი ხარების უპირატესობა, უკეთესი აეროდინამიკის გარდა, გაუმჯობესებულმა ძალურმა დანადგარმაც განაპირობა. ეს თვით „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმაც აღიარა: „ჰონდამ შესანიშნავად იმუშავა, ჩვენ მასთან ცოტა წავაგეთ“.

იაპონური კომპანიის მოტორსპორტული შტოს ტექნიკურმა დირექტრმა ტოიოჰარუ ტანაბემ, „ალფატაურის“ პრეზენტაციაზე იმ სიახლეებზე ილაპარაკა, რომლებიც „ჰონდამ“ ახალი სეზონისთვის მოამზადა. მისი თქმით, დაიხვეწა როგორც საკუთრივ ძრავი, ასევე ტურბინა და ენერგიის აღდგენის სისტემა. ჩატარებული სამუშაოს შესახებ, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, მოგვიანებით სამაუწყებლო კომპანია NHK-მ გაავრცელა, რომელსაც „ჰონდას“ ფ1-ის საკურას ტექნიკურ ცენტრზე აქვს წვდომა.

როდესაც შარშან პანდემია დაიწყო, „ჰონდამ“ ჯერ გადაწყვიტა, რომ ახალი ძალური დანადგარი 2022 წლისთვის მოემზადებინა. მაგრამ შემდგ კომპანიამ ფორმულა 1-დან წასვლა გადაწყვიტა. ამის გამო, ახალ V6 ჰიბრიდული ტურბო ძრავის მომზადება დაჩქარდა.

ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, „ჰონდას“ მთავარი პრობლემა, ძრავის საიმედობა იყო. მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და შარშან იაპონური აგრეგატი ყველაზე ნაკლებად ფუჭდებოდა. და მაინც, ამ სეზონში რბოლების რიცხვის 23-მდე გაზრდის გამო, ძრავზე მუშაობისას, ინჟინრების მთავარი საზრუნავი, ძრავის გამძლეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება იყო, რაც მათ იმის საშუალებასაც მისცემდა, რომ აგრეგატის პოტენციალი სრულად გამოეყენებინათ.

ცილინდრების თავში, შიდა ზედაპირის დასაფარად, ახალი მასალა გამოიყენეს, რომელმაც წვის კამერის თბომედეგობა და საწვავი ნარევის აფეთქებისას, ხახუნზე გამძლეობა გაზარდა. ამ სიახლით, ცილინდრები „ჰონდას“ მაღალ ბრუნვიანი ძრავებისაზე დაახლოებით 10-ჯერ უფრო გამძლე გახდა. ეს სიახლე პირველად იას მარინას ტრელკზე ტესტებისას გამოსცადეს.

ძრავის გამძლეობის გაუმჯობესების შემდეგ, ინჟინრების ამოცანა, მეტი სიმძლავრის მიღება გახდა. ამისთვის მათ წვის კამერის კონსტრუქცია შეცვალეს, რათა გაზრდილიყო კუმშვის ტაქტის წნევა. ამისათვის მათ შეცვალეს სარქველების განლაგება და მათი დახრის კუთხე. ამით გაუმჯობესებას ორი მიმართულებით მიაღწიეს - გაიზარდა სიმძლავრე და გამანაწილებელი ლილვები ერთმანეთს დაუახლოვდა, რამაც ძრავის კომპაქტურობა განაპირობა.

თუმცა ამას უარყოფითი მხარეც ჰქონდა - ეფექტურობის გაუმჯობესებას, გამოსაბოლქვ სისტემაში ენერგიის დანაკარგების კლება მოჰყვა. ეს კი აღდგენის თბური სისტემის (MGU-H) ეფექტურობას გააუარესებდა. ამის გამოსასწორებლად, შეიცვალა ტურბინის ფრთების მოყვანილობა, რისი წყალობითაც, ნაკლებად მძლავრი გამონაბოლქვის პირობებში, ტურბინის მუშაობის ეფექტურობაც გაუმჯობესდა.

ცილინდრების ბლოკში ახალი მასალების გამოყენების წყალობით, ინჟინრებმა ცილინდრებს შორის დაშორება შეამცირეს, რისი წყალობითაც, ძრავი კიდევ უფრო კომპაქტური და მსუბუქი გახდა.

საერთო ჯამში, მძლავრი, მსუბუქი და კომპაქტური „ჰონდა RA621H-ის“ წყალობით, „რედ ბულმა“ და „ალფატაურიმ“ უფრო კონკურენტუნარიანი მანქანები მოამზადეს, რაც ბაჰრეინის დიდი პრიზის კვალივიკაციაზე აშკარა გახდა...

0.112084