ფეხბურთი

1:44 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

უშანსოდ არ ვიყავით, მაგრამ უქულოდ დავრჩით

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთო და სტოკჰოლმში შვედეთის ნაკრებს ესტუმრა, ფიფას რეიტინგში მეოცე ადგილზე მყოფ გუნდს, რომლის რიგებში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თითქმის 5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. თავის მხრივ, "ჯვაროსნების" თავკაცის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ვილი სანიოლსაც.

ფრანგმა სპეციალისტმა 4-3-3 სათამაშო სქემა აირჩია და ძირითად შემადგენლობაში ორი დებიუტანტი გაამწესა, ორივე დაცვის ფლანგზე - გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ გიორბელიძე. დაცვის ცენტრში გურამ კაშიას ლაშა დვალი შეუწყვილდა, ხოლო საყრდენი ზონის გამაგრება ჯაბა კანკავას, გიორგი აბურჯანიასა და ნიკა კვეკვესკირს დაევალათ, შეტევაში გიორგი ქვილითაია, საბა ლობჟანიძე და ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებდნენ.

შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო და ვერ ვიტყვით, რომ შვედეთი ბურთის ფლობის გარდა, საქართველოს რამით აღემატობდა. მე-14 წუთზე კი პირველი მომენტი შეიქმნა. მასპინძელთა მარჯვენა ფლანგზე დიდი სივრცე დარჩა და გიორგი ქვილითაია მეკარესთან პირისპირ გავიდა, ლობაჟანიძეც კარის წინ ეხსნებოდა, მაგრამ დარტყმა გადაწყვიტა, თუმცა არ გამოუვიდა - მეკარემ ადვილად აიღო. 100%-იანი მომენტი განიავდა და საპასუხოდ შვეედეთმაც ერთ წუთში პირველი მომენტი შექმნა. დეიან კულუშევსკის გიორგი ლორიამ მაგარი ბურთი აუღო. ქართველმა კიპერმა ცოტა ხანში კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. შემდეგ იყო სანიოლის გუნდის სწრაფი იერიში - ლობჟანიძემ მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა გააკეთა და შორეულ ძელს ხვიჩა კვარაცხელია კეტავდა, რომელიც მზდ იყო გოლი გაეტანა, მაგრამ ბოლო მომენტში მიქაელ ლუსტიგმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი გუნდი გოლისგან იხსნა. 35-ე წუთზე კი ანგარიში გაიხსნა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის კლასმა ყველაფერი გადაწყვიტა: ბურთის საჯარიმოში მიიღო და საოცარი პასი გაუკეთა ვიქტორ კლაესონს, რომელმაც ლორიას ახლოდან აჯობა. ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში ფრანგმა მწვრთნელმა შეცვლები განახორციელა. თავდაპირველად ხვიჩა კვარაცხელია ოთარ კიტეიშვილმა ჩაანაცვლა, შემდეგ კანკავა და კვეკვესკირის ნაცვლად ვაკო გვილია და ლევან შენგელია ჩაერთვნენ თამაშში.

უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნახევარში რეალური საგოლე მომენტები ძალიან ცოტა შეიქნა. შვედებს ასეთი საერთოდ არ ჰქონიათ, ხოლო საქართველოს ნაკრებს კი შეეძლო გათანაბრება. თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე გიორგი ბერიძემ ფლანგზე იაქტიურა და საჯარმოში ბურთი შენგელიას მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა, მეკარეც მოძრაობაზე დაიჭირა, მაგრამ შვედთა კარის დარაჯმა ნორდფელდტმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და შეიძლება ითქვას, ყველაზე რეალური მომენტი გამოუყენებელი დარჩა.

საბოლოოდ 0:1 - სანიოლის დებიუტი და საკვალიფიკაციო ეტაპის დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა. გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ შეიძლებოდა სტოკჰოლმიდან ქულის წამოღება - არ გამოვიდა. ახლა წინ მეორე ტურის მატჩია. 28 მარტს, თბილისში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს შინ საბერძნეთის ნაკრებს ვერ მოუგო (1:1).

შეფასებისთვის რა უნდა ითქვას? ალბათ, ჯერ ბევრი არაფერი. სანიოლმა ნაკრები სრულფასოვნად აქამდე მხოლოდ ორჯერ ავარჯიშა, რეალურად არც ფეხბურთელების შესაძლებლობებს და მახასიათებლებს იცნობს ბოლომდე და სტილის დასანერგადაც დრო ნამდვილად არ ჰქონია. უნდა დაველოდოთ, ახლა დასკვნებით გაკეთება ძალიან ძნელია, გავითვალისწინოთ, რომ ნაკრებში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა და ისინი ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდში არიან. ვნახოთ იყო თამაშში პლუსებიც და მინუსებიც, უარყოფითი და დადებითი მხარებიც. ფაქტია, რომ შვედეთში უშანსოდ არ ვიყავით...

შვედეთი - საქართველო 1:0 (1:0)

სტოკჰოლმი, „ფრენდს არენა“

შვედეთი (4-4-2): ნორდფელდტი; ლუსტიგი (კრაფტი 84), ლინდელოფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი; კულუშევსკი, ოლსონი (ეკდალი 69, სვანბერგი 73), ლარსონი, კლაესონი (ფორსბერგი 74); იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 84), ისაკი

მწვრთნელი: იანე ანდერსონი

საქართველო (4-3-3): ლორია; ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; აბურჯანია, კანკავა (გვილია 60), კვეკვესკირი (შენგელია 60); ლობჟანიძე (ბერიძე 78), ქვილითაია (მიქაუტაძე 84), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლი: 1:0 კლაესონი (35)

გაფრთხილება: დვალი (90) - იბრაჰიმოვიჩი (54), ოლსონი (59), აუგუსტინსონი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115608