ფეხბურთი

21:57 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ფრე კარგი შედეგი არაა, მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შვედეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, შვედეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ საქართველოს ჰყავს ამბიციური ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე ყველაფერს გააკეთებენ.

„კორონავირუსის დროს ფრენა პრობლემატურია და გვიხარია, რომ აქ ვართ. მოუთმენლად ველოდებით ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებას. შვედეთის ნაკრები ჩვენზე გამოცდილია, ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, მაგრამ ჩვენ აქ ჩვენი ამბიციებით ჩამოვედით. გვინდა, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავიწყოთ.

ფეხბურთელების გასაცნობად ვიდეორგოლებს ვუყურე, რადგან ისე ბევრი დრო არ გვქონდა. ერთმანეთისგან სწავლის პროცესში ვართ, მაგრამ ვეცდებით მოედანზე წარმოვაჩინოთ ყველაფერი და საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. ფრე არასდროს არის კარგი შედეგი, მოგება მირჩევნია. გერმანიაში თამაშის დროს ვისწავლე, რომ მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა გახვიდე. შვედეთი ძალიან ძლიერი მეტოქეა, უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ძალიან ბევრი მაღალი დონის მოთამაშე, მაგრამ ჩვენ ახალი და ახალგაზრდა მოთამაშეებით ვართ დაკომპლექტებული და დარწმუნებული ვარ, ისინი ეცდებიან ისე ითამაშონ, რომ ქვეყანამ იამაყოს.

კარგია, რომ ზლატანი დაბრუნდა, ასეთი მოთამაშე სახლში არ უნდა იჯდეს, მოედანზე უნდა იყოს. ზლატანს საოცარი კარიერა ჰქონდა, ბევრი გოლი გაიტანა, მეც მომიწია მის წინააღმდეგ თამაში, შემდეგ კი, როდესაც საფრანგეთში ვმუშაობდი, ის პსჟ-ში თამაშობდა და ყურადღებით ვაკვირდებოდი. როგორ გავაჩეროთ? ამ კითხვაზე აქ ვერ გიპასუხებთ, ხვალ მოედანზე მოგვიწევს არა ზლატანის, არამედ შვედეთის ნაკრების შეჩერება“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, შვედეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113578