ფეხბურთი

1:55 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ წარმოუდგენელი მომენტები ვერ გამოიყენა, "რუბინმა" სერია შეწყვიტა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ „ხიმკის“ უმასპინძლა და 1:3 წააგო, რითაც 3-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და სეზონის განახლების შემდეგ პირველად დაკარგა ქულები.

არადა, „რუბინი“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მომენტები რომ გამოეყენებინა, ნამდვილად არ დამარცხდებოდა. „ხიმკის“ ფეხბურთელებმა კი პირიქით - პრაქტიკულად ყველა შანსი გოლად აქციეს.

„რუბინის“ რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან ორი ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. 27-ე წუთზე ხვიჩამ რამდენიმე მცველს თავგზა ეფექტურად აუბნია, მერე პასი თანაგუნდელს მისცა, შეტევა გაგრძელდა, კარგად გაიხსნა და ბურთი დაუბრუნეს, მაგრამ კარის წინ, 2 მეტრიდან ეულად მყოფმა გოლი ვერ გაიტანა. შეეძლო ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ არ გაუმართლა. 67-ე წუთზე ხვიჩას კიდევ ერთი ურეალურესი შანსი მიეცა, ისევ ახლოდან, ემუქრებოდა მეტოქის კარს, მაგრამ ამჯერად მეკარემ აჯობა.

კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. ახლა ის თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

ყაზანის „რუბინს“ 23 ტურის თავზე 37 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ცხრილში სიმჭიდროვეა და ბევრი გუნდია იგივე ვითარებაში, ამიტომ, „ხიმკისთან“ დაკარგული ქულები შეიძლება ძვირად დაუჯდეს. ლეონიდ სლუცკის გუნდი მომდევნო ტურში 3 აპრილს, „სოჭის“ უმასპინძლებს.

0.152271