ფეხბურთი

23:53 | 15.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხეჩიკაშვილი: "გადავწყვიტე, დროებით "საბურთალოს" დაფინანსება შევწყვიტო"

თბილისის „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, იგი დროებით კლუბის დაფინანსებს წყვეტს. ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის რთული მისაღები იყო, მაგრამ ქართულ ფეხბურთში დაგროვილმა პრობლემებმა ეს ნაბიჯი გადაადგმევინა.

მან იქვე დასძინა, რომ თავის ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსს ახალგაზრდებს და აკადემიას მოახმარს, რათა ტალანტებმა ნიჭის რეალიზება შეძლონ:

„რა თქმა უნდა, რაც ბოლ ტურებში მოხდა და რაც ხდება, ძალიან ცუდია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ რასაც ახლა გავაჟღერებ, ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული თამაშის გამო. პირდაპირ გეტყვით, ძალიან მიჭირს ამის თქმა, რასაც ახლა ვიტყვი - ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ თემაზე საუბარი მომიწევდა, იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილი იყო ქართული ფეხბურთის სიყვარული და ყველას კარგად მოეხსენება, რომ "საბურთალო" ყოველთვის გამოირჩეოდა და პატიოსნად ვემსახურებოდით ქართულ ფეხბურთს წლების განმავლობაში. შევქმენით წარმატებული ისტორია და პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბავშვთა სკოლიდან დაწყებული ყველა ტიტული მოვიპოვეთ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორები ვართ ეროვნულ ნაკრებში.

სიმართლე გითხრათ, პრობლემები, რაც დაგროვდა, არ უკავშირდება ერთ თამაშს. ეს პრობლემები იყო და ძალიან ხშირად ვცდილობდით, რომ ხმა მიგვეწვდინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეეძლო ამ პრობლემების მოგვარება, მაგრამ აბსოლუტურმა იგნორმა და იმის შეგრძნებამ, რომ საქმე დიდ უსამართლობასთან და არაკომპეტენტურობასთან გვაქვს, მიგვიყვანა აქამდე. ეს არ არის მარტო მსაჯებზე, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც შემიძლია პირობითად დავარქვა საფეხბურთო მოხელეები.

დროებით ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ შევწყვიტო ინვესტიციები პროფესიულ დონეზე საფეხბურთო კლუბში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ "საბურთალო" არ გააგრძელებს ფუნქციონირებას, იქ არიან პროფესიონალი ადამიანები და აუცილებლად გაგრძელდება „საბურთალოს“ განვითარება.

ჩემს ძალას, ენერგიას, ცოდნას, საერთაშორისო ურთიერთობას, ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებს, მოვახმარ ისევ სპორტის განვითარებას და რაც მთავარია დავეხმარები ბავშვებს, აუცილებლად ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს, რომ თავიანთი ნიჭის რეალიზება მოახდინონ და ასახელონ საქართველო. იმედია, ეს გაკვეთილი მათი მხრიდან კარგად იქნება გათვალისწინებული და ფეხბურთიდან გულდაწყვეტილი წასული ქართული ინვესტორების რიცხვი აღარ გაიზრდება“, - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ მატჩი (4:3) სკანდალური გამოდგა და სტუმრები ორ ეპიზოდში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. სწორედ ამ თამაშის შემდეგ საბურთალოელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ფეისბუქში განცხადება გაავრცელა. მანვე, იმავე „ტელე იმედთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „საბურთალოდან“ წასვლაზე ფიქრობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108842