ჩოგბურთი

21:42 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა!

ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვების ავტორი ნიკოლოზ ბასილაშვილია! ამის თქმა თამამად შეიძლება, რადგან ქართველმა ჩოგბურთელმა ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა და სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი, თვით როჯერ ფედერერი დაამარცხა!

ცხადია, ეს ხშირად არ ხდება და 2021 წლის 11 მარტი სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწერება არა მხოლოდ ქართული ჩოგბურთის, არამედ სპორტის ისტორიაში! ბასილაშვილი „მხიარულ როჯერს“ დოჰას ტურნირზე დაუპირისპირდა. მასთან აქამდე ერთხელ, 2016 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ეთამაშა და მაშინ სამ სეტში 0:3 წააგო, მაგრამ ახლა სამ სეტში 2:1 მოიგო!

პირველი სეტი შვეიცარიელის უპირატესობით წარიმართა და როჯერმა მარტივად 6:3 მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ ნიკოლოზი კორტზე უბრალოდ შეუდარებელი იყო და ლეგენდას გასაქანი არ მისცა. მეორე სეტი ბასილაშვილმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო - 6:1! ანგარიში თავად მეტყველებს ყველაფერზე. ფედერერს დაღლა დაეტყო და მას შემდეგ, რაც ორჯერ საკუთარი ჩაწოდება წააგო, სეტში ბრძოლაც შეწყვიტა, ძალებს მესამე სეტისთვის ინახავდა.

გადამწყვეტი სეტი მატჩის კულმინაცია გამოდგა. ორივე ჩოგბურთელი თავიანთ ჩაწოდებებზე უშეცდომოდ თამაშობდნენ, მაგრამ 5:4-ზე ფედერერმა მატჩპოინტი მიიღო. სწორედ გარდამტეხ მომენტში ქართველმა ენერგია მოიკრიბა, მატჩპოინტი არათუ გაანულა, არამედ, სეტი სათავისოდ დაასრულა (5:5), შემდეგ ბრეიკი შეასრულა და 6:5 დაწინაურდა.

ამრიგად, ბასილაშვილმა ფედერერთან გამარჯვებისთვის ჩააწოდა და კარიერის უნიკალური შანსი ხელიდან არ გაუშვია! ნიკამ როჯერს 1 საათსა და 50 წუთში 3:6, 6:1, 7:5 აჯობა. ბასილაშვილმა როჯერ ფედერერის წინააღმდეგ 12(!) ეისი შეასრულა, 5-ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. მეორეს მხრივ, მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერმა ასევე 12 ეისი მიითვალა და ორმაგი შეცდომა არ ჰქონია.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია დაწერა, გადაუჭარბებლად ასეა! მან დოჰაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 13 მარტს, ამერიკელ ტეილორ ფრიტცს გაეჯიბრება, რომელიც რეიტინგში 33-ე ნომერია. ისინი აქამდე ერთხელ შეხვედრიან, 2017 წელს ჩინეთში და ამერიკელმა სამ სეტში 2:1 იმარჯვა.

თუმცა, ახლა ეს იქეთ იყოს და ცოტა ხანი ბასილაშვილსაც და თითოეულ ქართველს როჯერ ფედერერთან გამარჯვებით ტკბობა, სიამაყე შეუძლია...

როჯერ ფედერერი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 1:2 (6:3, 1:6, 5:7)

0.13761