რაგბი

10:24 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპა | მზადება ესპანეთისთვის

ბორჯღალოსნები პორტუგალიაში რჩებიან და 14 მარტს მადრიდში, ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. ლისაბონში პორტუგალიასთან 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდი ადგილობრივ სპორტულ ბაზაზე დაბრუნდა და მომდევნო მატჩისთვის საუკეთესო პირობებში ემზადება.

პირველი ორი დღე რეაბილიტაციას და აღდგენას დაეთმო, ორშაბათს მსუბუქი, ხოლო დღეს დაბალი ინტენსივობის ორი ვარჯიში ჩატარდა. ხვალ და ზეგ ბორჯღალოსნებს დატვირთული დღეები ექნებათ, პარასკევს კი მადრიდში ჩაფრინდებიან და მატჩის წინა დღეს ტრადიციულ კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის თქმით, სერიოზული ტრავმა არცერთ მორაგბეს არ აწუხებს:

„სერიოზული ტრავმები არ გვაქვს, თუმცა ორი მოთამაშე ლიმიტირებულად ვარჯიშობს და შეძლებენ თუ ვერა თამაშს, კვირის განმავლობაში გაირკვევა. განრიგი ისე გვაქვს გაწერილი, რომ კვირის ბოლოს ყველა მოთამაშე საუკეთესო კონდიციაში უნდა იყოს“ – ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:

„თამაშის მართვაზე ბევრს ვმუშაობთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, რაც პორტუგალიასთან თამაშშიც გამოჩნდა. პრობლემები გვქონდა დაცვაში დისციპლინის კუთხით, ასევე ფეხით თამაშში და საჰაერო ორთაბრძოლებისას. ტაქტიკურად რამდენჯერმე არასწორედ შესრულდა დარტყმა და ამან წნეხში მოგვაქცია. ვეცდებით დავხვეწოთ შეტევითი სქემები. ვითამაშებთ პრაგმატულ რაგბს და როგორც კი თავდაჯერებულობას მოვიპოვებთ, შეგვეძლება ექსპერიმენტების განხორციელება“.

ესპანეთს გასულ კვირაში არ უთამაშია, თუმცა ბორჯღალოსნებისთვის მისი თამაშის სტილი კარგადაა ნაცნობი:

„ესპანელების თამაში ჩვენთვის უცხო არ არის. მთავარი ისაა, ჩვენ რას დავუპირისპირებთ. ისინი დაცვაში სწრაფად ამოდიან და მოწინააღმდეგისთვის სივრცის შეზღუდვას ცდილობენ, თუმცა ამას მინუსებიც აქვს. ხშირად რჩება ხვრელები, რისი გამოყენებაც უნდა შევძლოთ, ასევე რჩება სივრცეები და მათ გამოყენებაზე ვმუშაობთ. ვთვლი, რომ შეჯგუფებებში მათთანაც დომინანტები ვიქნებით და ეს უნდა გამოვიყენოთ. მეტოქეს სწრაფი მორაგბეები ყავს და შარშან მოლით ორი ლელოც დაგვიდეს. ვფიქრობ, ისინი ახლაც ეცდებიან დერეფნიდან მოლით შემოგვიტიონ“.

ბორჯღალოსნებისა და ესპანეთის შეხვედრა 14 მარტს, კვირას, საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10526