ფეხბურთი

22:53 | 8.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო და მიხაილოვიჩი საჯარიმო დარტყმებზე: "სინიშა, რატომ გადის უფრო ნაკლები გოლი ჯარიმიდან?"

„ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ (3:1) მატჩის დასრულების შემდეგ სტუმართა მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩსა და Sky Sport-ს მიმომხილველ ალესანდრო დელ პიეროს შორის საინტერესო დიალოგი შედგა. იტალიელმა სერბს საჯარიმო დარტყმების შესახებ ჰკითხა, რადგან ალექსი ფიქრობს, რომ წარსულთან შედარებით ჯარიმებით გოლები უფრო ნაკლებად და იშვიათად გადის.

დელ პიერო: „სინიშა, მინდა აზრი გკითხო საჯარიმო დარტყმების შესახებ. ჩემი აზრით, განსაკუთრებით სპრეის მეშვეობით, რომელიც სწორ მანძილს განსაზღვრავს, უფრო ადვილი უნდა იყოს საჯარიმოს დარტყმა, მაგრამ ამ კომპონენტის სულ უფრო და უფრო ნაკლებ სპეციალისტს ვხედავ, შესაბამისად, ჯარიმებით ნაკლები გოლი გადის. ამას როგორ ახსნი?“

მიხაილოვიჩი: „მრავალი წლის განმავლობაში, სადაც მე მიმუშავია, არასდროს მყოლია ფეხბურთელი, რომელსაც საჯარიმო დარტყმებში ჩემი ჯობნა შეეძლო. ეს კომპონენტი ვარჯიშით უმჯობესდება. ეს უნდა გააკეთო, მაგრამ ამავდროულად ამით გატაცებული იყო. ჩვენს დროს ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდით მოედანზე, როგორც მე და როგორც შენ, სპეციალურად ჯარიმების შესრულებაზე ვვარჯიშობდით, მაგრამ 12 წლის განმავლობაში, რაც მწვრთნელი ვარ, არავინ მინახავს, ვინც მკითხავდა: „მისტერ, შემიძლია ვარჯიშის შემდეგ დავრჩე და საჯარიმოებზე ვივარჯიშო?" ამას მე არ უნდა ვეუბნებოდე. ყოველდღიურად ვარჯიში სჭირდება, რადგან სხვანაირად თამაშზე ჯარიმის გატანას ვერ მოახერხებ. ეს არის მთელი განსხვავება“.

შეგახსენებთ, მიხაილოვიჩიც და დელ პიეროც ჯარიმებს ფანტასტიკურად ასრულებდნენ. კონკურეტულად სერია A-ში სერბს 28 გოლი აქვს ჯარიმით გატანილი, რაც დღემდე იტალიის ჩემპიონატის რეკორდია (ანდრეა პირლოსაც ანალოგიური შედეგი აქვს), ხოლო დელ პიეროს ანგარიშზე მხოლოდ სერია A-ს ეგიდით 22 გოლია ჯარიმიდან და ეს ისტორიაში მესამე შედეგია.

0.118199