ფეხბურთი

23:48 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის და გიორგი ქვილითაიას გოლებით "ანორთოსისმა" ქულა მოიპოვა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ორი ქართული გოლი გავიდა - თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ გაიტანეს. მათი წყალობით „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე ლიმასოლის „აპოლონთან“ მარცხს გადაურჩა (2:2).

თემურ ქეცბაიას გუნდი მე-60 წუთზე 0:2-ს მარცხდებოდა, ხოლო 23-ე წუთზე „აპოლონს“ ფეხბურთელი გაუძევეს და ფამაგუსტელებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ 3 ქულა მაინც ვერ მოიპოვეს და მხოლოდ ქულის გადასარჩენად მოუწია ბრძოლა.

65-ე წუთზე ოქრიაშვილმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო 14 წუთში ქვილითაიამ წონასწორობა აღადგინა. ორივემ შეუცვლელად ითამაშა, ასევე გიორგი ლორიამ მურთაზ დაუშვილმა კი 63-ე წუთამდე ითამაშა. „აპოლონის“ რიგებში გიორგი პაპუნაშვილი თადარიგში დარჩა. ოქრიაშვილს კვიპროსის მიმდინარე ჩემპიონატში 12 თამაშში 7 გოლი დაუგროვდა, ხოლო ქვილითაიას აქტივში 22 შეხვედრაში 13 შედეგიანი დარტყმაა.

გიორგი ქვილითაიამ ნამატჩევს კომენტარიც გააკეთა: „იოლი არ იყო 0:2-დან თამაშში დაბრუნება, მაგრამ საბოლოო შედეგით კმაყოფილები ვართ, რადგან ფრე სამართლიანი შედეგი იყო“.

„ანორთოსისი“ 52 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში ლიდერ „ომონიას“ შეხვდება, რომელსაც 7 ქულით ჩამორჩება, „აპოლონს“ კი 55 ქულა აქვს და მესამე საფეხურზეა.

0.154083