ფეხბურთი

11:52 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო "იუვეში" ტრავმების ეპიდემიაზე: "სკამისკენ გავიხედე და არავინ იყო, ვინც თამაშში ჩაერთვებოდა"

სერია A-ს 24-ე ტურში „იუვენტუსმა“ „ვერონა“ ვერ დაამარცხა და მატჩის შემდეგ ანდრეა პირლომ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი იმედგაცრუებული დარჩა შედეგით და განაცხადა, რომ გამოცდილი ფეხბურთელების დანაკლისი გუნდს დაეტყო.

„იმედგაცრუებულები ვართ. ვიცოდით, რომ რთული თამაში და სერიოზული ბრძოლა იქნებოდა. მოვახერხეთ და დაწინაურება და ეს ყველაზე რთული იყო, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. არსებობს მცირე დეტალები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მატჩს შედეგზე და გამოიწვიოს ქულების დაკარგვა. ჯერჯერობით, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეს არ ესმით. როდესაც იგებ, უნდა შეეცადო სახლში 3 ქულის წამოღებას.

ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვაკლია და ახალგაზრდებს არ ესმოდათ რომელი მიმართულებით მიდიოდა მატჩი. კრიშტიანუს და ალექს სანდროს ვთხოვე ელაპარაკათ მათთან და დაერწმუნებინათ, მაგრამ ორი ფეხბურთელი ძალიან ცოტაა.

მინდოდა სქემის შეცვლა და 4 მცველით თამაში, მაგრამ სკამისკენ გავიხედე და იქ ცვლილების შეტანის ვარიანტი ვერ დავინახე. მე-60 წუთის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი დაიღალა, მაგრამ ეს მოსალოდნელია, რადგან სეზონის დასაწყისიდან ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. მეორე ნახევარში საკმარისი ენერგია გვაკლდა, „ვერონას“ კი თავისუფალი ზონები დავუტოვეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მჭიდრო გრაფიკი გვაქვს, ფეხბურთელების დანაკლისი და დაღლილობა პრობლემაა“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ სერია A-ში 46 ქულით მხოლოდ მესამე ადგილზეა და დღეისთვის ჩემპიონობაზე უფრო რეალური, ოთხეულს მიღმა დარჩენაა. ტურინელებს ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო ხუთ მატჩში ერთადერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული.

აღსანიშნავია, რომ „იუვე“ უკვე კარგა ხანია გუნდის რამდენიმე ლიდერის გარეშე თამაშობს. „ვერონასთან“ ანდრეა პირლოს მეკარეების გარდა, პირველი გუნდიდან მხოლოდ 11 ფეხბურთელი ჰყავდა განკარგულებაში და სათადარიგო სკამი მთლიანად 23-წლამდე გუნდის მოთამაშეებით შეავსო.

0.110955