ფეხბურთი

0:24 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ბუნდესლიგაში მოგების გემო გაიხსენა, "ლაიფციგმა" დრამაში იმარჯვა

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ლიდერთა შორის ორქულიანი სხვაობა შეინარჩუნა, რადგან „ბაიერნმაც“ მოიგო და „ლაიფციგმაც“.

მიუნხენელებს ამ ტურამდე „არმინიასთან“ და „აინტრახტთან“ მხოლოდ 1 ქულა ჰქონდათ მოპოვებული და „ლაიფციგს“ მიახლოვების შანსი მისცეს. ამიტომაც, შინ „კიოლნთან“ მოგების გარდა „რეკორდმაისტერისთვის“ სხვა ვარიანტი არ განიხილებოდა. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს ზოგჯერ ჩავარდნები კი დასჩემდა, მაგრამ მთლიანობაში ისევ ძველებურად მრისხანე და ძლიერია, შესაბამისად, „კიოლნისთვის“ შანსი არ მიუცია. რობერტ ლევანდოვსკიმ და სერჟ გნაბრიმ ორ-ორჯერ გაიტანეს, იქამდე ანგარიში ერიკ ჩუპო-მოტინგმა გახსნა და მიუნხენურმა გიგანტმა „თხებს“ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს - 5:1.

პარალელურად „ლაიფციგმა“ ბეწვის ხიდზე გაიარა და ძალიან ახლოს იყო ქულები დაეკარგა. იულიან ნაგელსმანის გუნდს შინ „გლადბახთან“ ერთობ რთული თამაში ჰქონდა და პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა. თუმცა, მეორე ტაიმში დაქამბექება მოახერხა. „რედ ბულელებმა“ გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გაიტანეს და მატჩის გმირი ნორვეგიელი ფორვარდი სორლოთი გამოდგა. ამრიგად, „ლაიფციგი“ „ბაიერნთან“ ისევ ორქულიან ჩამორჩენაში დარჩა.

მოიგო დორტმუნდის „ბორუსიამ“, რომელიც „არმინიასთან“ პირველ ტაიმში უგოლო ფრეს დასჯერდა,მაგრამ შესვენების შემდეგ 3 უპასუხო გოლი გაიტანა და გამარჯვებაც არ გასჭირვებია. შედეგად, „ყვითლებმა“ „აინტრახტის“ მარცხით კარგად ისარგებლეს და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა უკვე მხოლოდ 3 ქულაა.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გელზენკირხენის „შალკე“, რომლის უმძიმეს ყოფას დასასრული არ უჩანს. „ხუმარები“ ამჯერად „შტუტგარტთან“ შერცხვნენ (1:5) და ალბათ, ბუნდესლიგაში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებენ. ყოველშემთხვევაში „შალკე“ 9 ქულით უიმედოდ ბოლო ადგილზეა და სამშვიდობო ზონას 9 ქულა აშორებს, რაც რეალურად მიანიშნებს, რომ ეს ისტორიული გუნდი მომდევნო სეზონს მეორე ბუნდესლიგაში გაატარებს.

„ბაიერნი“ – „კიოლნი“ 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (18), 2:0 ლევანდოვსკი (33), 2:1 სხირი (49), 3:1 ლევანდოვსკი (65), 4:1 გნაბრი (82), 5:1 გნაბრი (86)

„დორტმუნდი“ – „არმინია“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 დაუდი (48), 2:0 სანჩო (58, პენ), 3:0 რეინიერი (81)

„შტუტგარტი“ – „შალკე“ 5:1 (3:1)

გოლები: 1:0 ენდო (10), 2:0 ენდო (28), 3:0 კალაიჯიჩი (34), 3:1 ბენტალები (72, პენ), 4:1 კლემენი (88), 5:1 დიდავი (90)

„ვოლფსბურგი“ – „ჰერტა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კლონტერი (38, ა.გ), 2:0 ლაკრუა (89)

„ლაიფციგი“ – „გლადბახი“ 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჰოფმანი (6), 0:2 ტურამი(19), 1:2 ნკუნკუ (57), 2:2 პოულსენი (66), 3:2 სორლოთი (90)

თეგებიბუნდესლიგა
0.180547