ფეხბურთი

15:57 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: „მამა დღემდე მასწავლის სამწვრთნელო საიდუმლოებებს“

ბელგიის ნაკრები უკვე მესამე წელიწადია ფიფას მსოფლიო რეიტინგში პირველობას არავის უთმობს. „ოქროს თაობის“ ფეხბურთელებმა ყველას შეაყვარეს თავი. მათი 47 წლის ესპანელი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ამაყობს თავისი ბიჭებით და მოუთმენლად ელის მომავალ ევროს, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ეშმაკუნებმა“ ათივე შესარჩევი მატჩი მოიგეს.

მარტინესს ფიფას ოფიციალური გვერდის ჟურნალისტები ესაუბრნენ. ინტერვიუს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

ფიფა: რობერტო, უკვე ხუთი წელია ბელგიაში მუშაობ. თავს ისევ მოტივირებულად გრძნობ?

რობერტო მარტინესი: ასეა. ნაკრების მწვრთნელი დიდად განსხვავდება საკლუბო დამრიგებლისგან. აქ მუდმივი ძიების პროცესია. შეიძლება ხელები დაიკრიფო და უცქირო ვის მისდის კლუბში კარგად საქმე და ისინი გამოიძახო ნაკრებში. მაგრამ კარგა ხანია მივხვდი, რომ ბელგიაში, რომლის მოსახლეობა 11 მილიონი ადამიანია, ასეთ მიდგომას ვერ გამოიყენებ, ამიტომ მიმეწონა ნაკრებში საკლუბო მიდგომა. ერთგვარი სისტემა შევქმენით, 19 და 21-წლიანებს ზუსტი მიზნები დავუსახეთ, როგორ უნდა მისულიყვნენ მთავარ გუნდამდე.

სხვა მხრივ, ბელგიის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა.

ფიფა: გვსმენია, ამბობდი, რომ მამას ბავშვობაში ხშირად დაჰყავდი ფეხბურთზე და გთხოვდა ანალიტიკურად გეაზროვნა. ფიქრობთ, ამაყობს მწვრთნელი რომ გახდი?

რობერტო მარტინესი: შეიძლება. მამა 43 წლამდე თამაშობდა, ბუნებრივად ძალიან ძლიერი იყო. როგორც მოთამაშეები ხშირად ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. როგორც მწვრთნელი კი დღემდე მასწავლის ჭკუას (იცინის). ყოველთვის მეუბნება: რატომ აკეთებ ასე, როცა სხვაგვარად სჯობსო. მაგრამ მისი ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რადგან ფეხბურთისადმი თავისებური, განსხვავებული ხედვა გამომიმუშავა. ვაფასებ ჩვენს დიალოგებს. კიდევ კარგი მათ არავინ იწერს (იცინის).

ფიფა: მომავალშიც გააგრძელებს შენს კრიტიკას?

რობერტო მარტინესი: აუცილებლად. ამას დიდი სიყვარულით აკეთებს. ეგ არის, ვერ ხვდება რამდენად წინ წავიდა ფეხბურთი (იცინის).

ფიფა: როგორც ფეხბურთელს არასოდეს გითამაშიათ ნაკრებში. შესაბამისად, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებზე. ესეც იყო ბელგიის ნაკრების გაწვრთნის ერთ-ერთი მიზეზი?

რობერტო მარტინესი: კარგი კითხვაა. ვფიქრობ, ეს ფაქტორია. როცა ბავშვობისკენ მიიხედავ, ფეხბურთის რაობას აღმოაჩენ, ქუჩებში თამაშობ, პირველი, რასაც განიცდი მსოფლიო ჩემპიოანტია. ჩემთვის ასეთი 1978 წლის ტურნირი გახლდათ. თავი მარიო კემპესი მეგონა და მსოფლიო თასზე თამაშზე ვოცნებობდი.

ეს შეგრძნება მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვა. პრემიერლიგაში მუშაობისასაც კი მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილი მინდოდა ვყოფილიყავი. ამიტომ დავთანხმდი ერთ-ერთ ამერიკულ არხს 2010 წელს სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე 60 დღის განმავლობაში მემუშავა. მენახა როგორ ემზადებიან ნაკრებები, რა ხდებოდა ტურნირზე. ეს ძალიან საინტერესო იყო.

ალბათ ესეც დამატებითი გამოწვევა გახლდათ, როცა ბელგიის ნაკრების გაწვრთნას დავთანხმდი და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ჩემი მოლოდინები გაამართლა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი იყო ორგანიზების თვალსაზრისით. ჩვენ იქ შვიდი მატჩი ვითამაშეთ.

განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ასეთ დონეზე ბრაზილიას ეთამაშები და ამარცხებ. წილად გვხვდა ბედნიერება მათთვის მოგვეგო.

ფიფა: რუსეთის ტურნირზე ორი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარეთ. ბრაზილიასთან და იაპონიასთან, სადაც მაყურებელს საოცარი დაბრუნება შესთავაზეთ. რომელი გამარჯვება უფრო ფასეულია თქვენთვის?

რობერტო მარტინესი: ორივე. ვერ განვასხვავებ. როცა ტურნირს ვიწყებდით, ვიცოდით რომ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაგრამ ასეთი განწყობა ხშირად შეცდომაა. ისევ სამხრეთაფრიკული მუნდიალის მაგალითს მოვიყვან. მაშინ ესპანელებმა საოცარი გუნდური თამაშის წყალობით მოიპოვეს ჩემპიონობა. ცალკეული ფეხბურთელები იქ ვერ გაიმარჯვებდნენ. როცა სიძნელეები გექმნებათ, იქ მთელი გუნდი ეძებს გამოსავალს. იაპონიასთან 0:2 ვაგებდით და დაახლოებით 20 წუთი დაგვჭირდა კითვაზე პასუხი რომ გაგვეცა. ეს არ იყო ადვილი. მაშინ მუნდიალების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ორმა შემცვლელმა გაიტანა გოლები და პირველად 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როცა გუნდმა, რომელიც ორბურთიანი სხვაობთ აგებდა, 90 წუთში გამარჯვება მოახერხა. ამით ძალიან ვამაყობთ.

ბრაზილიასთან თამაში განსაკუთრებული იმ მხრივ იყო, რომ 60 წუთის განმავლობაში შესანიშნავი ტაქტიკური დაპირისპირების მომსწრენი გავხდით. თანაც, როცა ბრაზილიას ეთამაშები, ეს არა მხოლოდ ფენომენალური ფეხბურთელების წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ ისტორიასთან შეხებაცაა. სტადიონზე შედიხარ და გარშემო ყველაფერი გადაყვითლებულია, გახსენდება, რომ ეთამაშები გუნდს, რომელსაც ხუთჯერ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი.

ფიფა: ცხადია რომ ბელგიას სხვა მრავალი ნაკრებივით, არ აქვს მსგავსი ისტორია. ცდილობდით დაგერწმუნებინათ მოთამაშეები ბრაზილიის, გერმანიისა და სხვა დიდი გუნდების დარ ფეხბურთელებად წარმოედგინათ თავი?

რობერტო მარტინესი: რა თქმა უნდა. აქ კიდევ ერთი პრობლემა იყო. მათ ეუბნებიან, რომ „ოქროს თაობა“ არიან და დიდ სიმაღლეებს უნდა მიაღწიონ. ფეხბურთელებმა იცან, რომ მილიონობით ადამიანს აქვს მათი იმედი. ეს კი ადვილი არ არის, დამატებითი წნეხია.

ფიფა: „ოქროს თაობა“ ახსენეთ. როგორ ართმევთ თავს ამდენ ტალანტთან მუშაობას და გაქვთ შეგრძნება, რომ უახლოეს ევროზე და მსოფლიო ჩემპიონატზე უტიტულოდ არ დარჩებით?

რობერტო მარტინესი: „ოქროს თაობად“ ჩემთვის ისინი მათი მიღწევების მიხედვით იქცევიან და არა იმიტომ, რომ ადამიანების თვალში ასეთი სტატუსი აქვთ. ადრე ზედმეტი ქების გამო წნეხის მეშინოდა, მაგრამ როცა მსოფლიო ჩემპიონატიდან შინ ბრინჯაოს მედლები ჩავიტანეთ, დავრწმუნდი, რომ მართლაც ბელგიის ფეხბურთის „ოქროს თაობაა.“

ეს არ ნიშნავს, რომ მომავალ ევროს ან მსოფლიო თასს მოვიგებთ. ბევრი წვრილმანია, რომელმაც შედეგამდე უნდა მიგიყვანოს. ამიტომ მოლოდინებს ყურადღებას არ მივაქცევთ და მზად შევხვდებით ტურნირს ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და გულშემატკივრებიც.

ფიფა: ბოლო სამი წელიწადია ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზე ხართ. ეს მართალია ტიტული არ არის, მაგრამ ალბათ სიამაყის საბაბს ნამდვილად გიჩენთ.

რობერტო მარტინესი: აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ეს ტიტული არ არის. არც ვტრაბახობთ, მაგრამ ეს სწორი მუშაობის გაზომვის ერთადერთი საშუალებაა. ბელგია არასოდეს ყოფილა აქმადე მსოფლიო რეიტინგში პირველი. ეს ფაქტი აჩვენებს, თუ თავისი ქვეყნის როგორი დესპანები არიან დღევანდელი ნაკრების ფეხბურთელები.

ფიფა: უცხოელი მწვრთნელი ხართ, ეს გიშლით ხელს მუშაობაში?

რობერტო მარტინესი: არა. ეს საინტერესოც იყო მუშაობის დაწყებისას. „ევერტონში“ რომელუ ლუკაკუს, მარუან ფელაინისა და კევინ მირალესს ვწვრთნიდი. მაშინ შევამჩნიე როგორი განსხვავებულები იყვნენ ერთი ნაკრების მოთამაშეები. მივხვდი, რამდენად მრავალფეროვანია ბელგია და თუ ამდენ განსხვავებულ ადამიანს ერთი მიზნისთვის გააერთიანებ, ეს განსხვავებულობა დიდი ძალა ხდება. ნაკრების გასახდელი პრემიერლიგის გასახდელს მაგონებდა, სადაც ბევრი ეროვნებისა და კულტურის მოთამაშე ერთად იყრის თავს. თანაც ბელგიაში სამი ოფიციალური ენაა. თუ დელიკატური და დაფიქრებული არ იქნებით, ძალიან იოლია ამ ერთიანობის დაკარგვა. არცერთი სათვისტომოს მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები არ მაქვს, ნეიტრალური ვარ და ეს ძალიან მეხმარება.

ფიფა: ფედერაციასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივეთ. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსალოდნელი შედეგების მიუხედავად, რას აპირებთ?

რობერტო მარტინესი: ამის პასუხი ალბათ იმაშია, რაც უკვე მოხდა. თავიდან ბელგიაში ორი წლით ჩავედი. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და რომელიმე კლუბში დაბრუნება - ასეთი გეგმა მქონდა. მაგრამ ოთხი წელიწადი გავიდა და ისევ აქ ვარ. კვლავ ვიღებ მუშაობისგან სიამოვნებას და მოუთმენლად ველი მომავალ ევროს. ამიტომ ვერ გაგცემთ დღეს ამ კითხვაზე პასუხს.

0.16771