ფეხბურთი

22:22 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "მთელი ტაიმი სიბნელეში ვითამაშეთ და ფეხბურთზე როგორ ვისაუბრო?!" (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თემურ ქეცბაიას გუნდმა „კარმიოტისა“ სტუმრად 2:1 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

ფამაგუსტელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გაიტანეს. გიორგი ქვილითაიამ, რომელიც თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, თავით დაარტყა, ბურთი მარიოს სტიალონუს მოხვდა და გოლი გავიდა - სწორედ მცველს ჩაეწერა ავტოგოლი. თემურ ქეცბაიამ მურთაზ დაუშვილი 90 წუთი ათამაშა, ხოლო გიორგი ლორიას და თორნიკე ოქრიაშვილის დასვენების საშუალება მისცა. საპასუხო შეხვედრა კი 10 მარტსაა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში განათების ბოძი გაფუჭდა და გუნდებმა ფეხბურთი პრაქტიკულად სიბნელეში ითამაშეს. ქეცბაიამ მატჩის მერე ძირითადად უფრო ამაზე ისაუბრა, ვიდრე თამაშზე:

„არ ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკო. ქვეყანა, რომელმაც ამხელა წინსვლა განიცადა ფეხბურთში, მისმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს და ჩვენ სიბნელეში ვთამაშობთ. 14-გუნდიან ჩემპიონატზე ვსაუბრობთ და ამ 14 გუნდს სათამაშო პირობები სჭირდება, რაც აქ არ არსებობს, არ გვაქვს. მთელი მეორე ტაიმის სიბნელეში ვითამაშეთ. დაცვა დაიწვა, განათების ბოძი დაიწვა, კვიპროსული ფეხბურთი დაიწვა, ყველაფერი დაიწვა. რომელ ფეხბურთზე უნდა ვისაუბრო?“, - განაცხადა ქეცბაიამ.

აქვე გეტყვით რომ „ანორთოსისი“ მომდევნო მატჩს 1 მარტს, კვიპროსის ჩემპიონატის ეგიდით შინ გათამაშების ლიდერ, გიორგი პაპუნაშვილის „აპოლონთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11469