ფეხბურთი

2:02 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დუბლით "იუვენტუსი" ბრძოლაში დაბრუნდა

იტალიის სერია A-ს 23-ე ტური „იუვენტუსისა“ და „კროტონეს“ მატჩით დაიხურა. „იუვე“ ამ შეხვედრას მძიმე ფონით შეხვდა - ზედიზედ სამი მოუგებელი და ბოლო ორი წაგებული მატჩი. გარდა ამისა, ანდრეა პირლოს ტრავმების გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა აკლდა.

მეორეს მხრივ, „კროტონე“ ბოლო ადგილზეა და ცხადია „იუვეს“ ფეხის დაცდენის არანაირი უფლება არ ჰქონდა, რადგან მეექვსე ადგილზე იყო და გამარჯვება მესამე პოზიციამდე აიყვანდა, თანაც, „მილანთან“ ჩამორჩენას შეამცირებდა.

ტურინელებს შეცდომა არც დაუშვიათ და ადვილად მოიგეს. კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა, რვაწუთიან ინტერვალში ორჯერ თავით გაიტანა. მას იტალიის სერია A-ს ამ სეზონის მონაწილე 18 გუნდის წინააღმდეგ უთამაშია და ყველას გოლი გაუტანა - „კროტონე“ მე-18 გუნდია. ამასთან ტოპ 5 ჩემპიონატებში 79-ე მეტოქე დაამწუხრა და 2000 წლიდან უფრო მეტი მრავალფეროვნებით ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოირჩევა - 79 გუნდს გაუტანა. კრიშტიანუს უფრო მეტის გატანაც შეეძლო, მაგრამ სამჯერ მაგარი მომენტი გააფუჭა. სხვათა შორის, რონალდუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში დუბლი მეშვიდედ შეასრულა, რაც ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.

მესამე გოლი ვესტონ მაკკენის ანგარიშზეა, რომელმაც მეოთხე გოლი გაიტანა სეზონში და იტალიის ჩემპიონატში ამერიკელ ფეხბურთელებს შორის, მასზე მეტი არავის გაუტანია, მაიკლ ბრედლის შედეგი გააუმჯობესა (3 გოლი).

„იუვენტუსმა“ 45 ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია აღზევდა. „ინტერს“ 8, ხოლო „მილანს“ 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ეს ბუნებრივია, ასე თუ ისე, მნიშვნელოვანია.

„იუვენტუსი“ – „კროტონე“ 3:0 (2:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; დანილო, დემირალი, დე ლიხტი, ალექს სანდრო (ფრაბოტა 86); კიეზა (დი პარდო 86), მაკკენი, ბენტანკური (ფაჯიოლი 70), რემზი (ბერნარდესკი 76); კულუშევსკი (მორატა 76), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„კროტონე“ (4-4-2): კორდასი; პერეირა, მაგალანი, გოლემიცი, ლუპერტო (მარონე 46); მასიასი, მოლინა (ძანელატო 72), ვულიჩი, რეცა (რისპოლი 67); დი კარმინე (რივიერი 76), უნასი (სიმი 72)

მწვრთნელი: ჯოვანი სტროპა

გოლები: 1:0 რონალდუ (38), 2:0 რონალდუ (45), 3:0 მაკკენი (68)

გაფრთხილება: რემზი (20), დანილო (50) - მარონე (53)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა: 26 (9) – 16 (3) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ვალერიო მარინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.232473