ძიუდო

19:56 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ ტატალაშვილმა თელ-ავივის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძიუდოში გრძელდება თელ-ავივის გრან სლემი, რომელმაც სტარტი გუშინ აიღო და დღეს ტატამზე ორ წონით კატეგორიაში ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და დღევანდელი მონაგარი ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა.

73 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელი ლუკაშ ვენეკოლდი დაამარცხა, შემდეგ იტალიელ ფაბიო ბაზილეს აჯობა, მესამე შეხვედრაში კი ბელარუსი ვაძიმ შოკა გამოთიშა ასპარეზობას. ნახევარფინალში ნუგზარი რუმინელ ალექსანდრუ რაიცუს გაეჯიბრა და დამარცხდა, შედეგად ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწია, სადაც შვედი ტომი მასიასი დაამარცხა და საქართველოს მიმდინარე გრან სლემზე მესამე მედალი მოუტანა.

ამავე წონაში ზუსტად იგივე გზა განვლო ლაშა შავდათუაშვილმა. მან მეორე წრეში შვეიცარიელ ნილს სტუმპს აჯობა, მერე ბულგარელი მარკ ჰრისტოვი დაამარცხა, მესამე შეხვედრაში კი შვედ ტომი მასიასს სძლია. თუმცა, ნახევარფინალში შავდათუაშვილი იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამარცხდა და ფინალის ნაცვლად ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ მასპინძელ ტოჰარ ბუტბულთან ვერაფერი გააწყო და უმედლოდ დარჩა.

საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა 81 კგ წონით კატეგორიაშიც, მაგრამ ორივემ წარუმატებლად იასპარეზა. ვლიდიმერ ახალკაცი პირველივე წრეში ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან დამარცხდა, ლუკა მაისურაძე კი პირველი ეტაპიდან თავისუფალი იყო, მაგრამ მეორე წრეში გერმანელ ალექსანდერ ვიჩერჟაკთან ვერაფერი გააწყო.

შეგახსენებთ, გუშინ 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც გრან სლემზე მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120531