ფეხბურთი

2:55 | 14.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანისა" და "იუვენტუსის" უშედეგო დღე

იტალიის სერია A-ს 22-ე ტური „მილანისთვის“ და „იუვენტუსისთვის“ უშედეგო გამოდგა. სტეფანო პიოლის გუნდიც დამარცხდა და ანდრეა პირლოსიც.

„იუვე“ ტურის გამორჩეულ მატჩში „ნაპოლის“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ დიდ უპირატესობას ფლობდა, უქულოდ დარჩა. როგორც ჩანს, ტურინელების ბოლო ხანს წარმატებული თამაშები მოჩვენებითი იყო, ყოველშემთხვევაში „ბებერმა ქალბატონმა“ მორიგი უფერული თამაში ჩაატარა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რომელშიც შავ-თეთრებს პრაქტიკულად არაფერი შეუქმნიათ. მეორეს მხრივ, არც ჯენარო გატუზოს „ნაპოლი“ აქტიურობდა, მაგრამ ნახევარი საათის თავზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ლორენცო ინსინიემ გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. „ნაპოლის“ შეტევაში მეტი არც არაფერი გაუკეთებია, ხოლო მეორე ტაიმში ალექს მერეტმა რამდენიმე სეივით ანგარიში შეინარჩუნა. ამრიგად, „იუვემ“ წააგო და ლიდერთან ჩამორჩენის შემცირების შანსი დაკარგა.

„მილანმა“ „იუვენტუსის“ მარცხის შემდეგ ითამაშა და იდეალური შანსი ჰქონდა უპირატესობა გაეზარდა, „ნაპოლის“ საჩუქარი შეერგო, მაგრამ ვერ შეირგო. „როსონერი“ „სპეციას“ ესტუმრა და არავინ ელოდა იმას, რაც მოხდა. „სპეციამ“ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და 2:0 აჯობა. ჯულიო მაჯორესა და სიმონე ბასტონის გოლებით ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა გათამაშების ლიდერს სეზონში მესამე მარცხი აგემა. როგორც ნამატჩევს პიოლიმ თქვა, მისმა გუნდმა სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა და ძნელია, ამაში არ დავეთანხმოთ.

ახლა „მილანის“ ლიდერობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. „ინტერი“ დღეს „ლაციოს“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში გალიდერდება. მომდევნო ტურში კი „დერბი დელა მადონინაა“ და რა ამბავი იქნება ამ შეხვედრაში, ადვილი წარმოსადგენია.

„ტორინო“ – „ჯენოა“ 0:0 (0:0)

„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ინსინიე (31, პენ)

„სპეცია“ – „მილანი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მაჯორე (56), 2:0 ბასტონი (67)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.157219