ფეხბურთი

1:34 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

როი კინმა „ლივერპულს“ დასცინა

„ლივერპული“ – „მანჩესტერ სიტის“ მატჩს ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. „ლივერპული“ პეპ გვარდიოლას გუნდისთვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდივით იყო. შეძლებდა კი ჩემპიონი დაქოქილი „ქალაქელების“ შეჩერებას. ვერ შეძლო და როგორც ჩანს, არაოფიციალურად ამ საღამოს გამოეთხოვა ტიტულს, „სიტი“ კი ალბათ აღარავის დაუთმობს პირველობას.

სტუმრებმა მასპინძლებს ყველა ასპექტში აჯობეს. დიახ, „წითლებს“ დაცვაში პრობლემები აქვთ, მეკარე ალისონმა ორი ბავშვური შეცდომა დაუშვა, მაგრამ მთავრია, რომ „ლივერპულს“ თითქოს თვალები ჩაუქრა, დაღლილი და უენერგიოა.

და კიდევ, ტაიმნახევარი თითქმის თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით გიუნდოგანის გაცუდებულ თერთმეტმეტრიანს. ბოლო ნახევარი საათი კი ჩემპიონობის რაუნდი გახლდათ, როცა ტიტულის მაძიებლები აჩვენებენ ვინ უფრო ღირსია პირველობისა და ეს მონაკვეთი „სიტიმ“ პირწმინდად მოუგო მასპინძლებს.

„ლივერპულმა“ 1963 წლის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ სამი საშინაო მატჩი უმაღლეს დივიზიონში.

„სიტიმ“ კი „პრესტონის“ 1892 და „არსენალის“ 1987 წლების მიღწევა გაიმეორა - ზედიზედ 14 მატჩი მოიგო ყველა ტურნირში.

იურგენ კლოპი: „მეტოქეს ბევრი შესაძლებლობა მივეცით. ცუდად არ გვითამაშია. როცა სალაჰმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა, თითქოს ისევ ავთამაშდით. მაგრამ ორმა შეცდომამ ყველაფერი წყალში ჩაყარა.

ახლა დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად. ჯერ კიდევ ბევრი მატჩებია დარჩენილი და ვეცდებით, მიზანს მივაღწიოთ, მაგრამ ამისათვის ჯერ მოგებების გემო უნდა გავიხსენოთ.“

პეპ გვარდიოლა: „ისე ვითამაშეთ, როგორც ამ სტადიონზე უნდა გვეთამაშა. ვიმედოვნებ, მომავალში სავსე „ენფილდზეც“ მოვახერხებთ გამარჯვებას.

უმნიშვნელოვანესი მოგებაა. მაგრამ ჯერ თებერვალია და კიდევ ბევრია წინ სავალი. დროის ამ მონაკვეთში ზედიზედ 10 გამარჯვება კი მართლაც ფანტასტიკური შედეგია.“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა კი, რომელიც ამჟამად ტელეექსპერტადაც მუშაობს, ირონიით თქვა: თქვენ „ლივერპული“ ხართ და თუ ასე გააგრძელეთ თამაში, კიდევ 30 წელიწადი დაგჭირდებათ მორიგი ტიტულის მოსაპოვებლადო.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში „ლივერპული“ ჩემპიონი 30 წლიანი პაუზის შემდეგ გახდა.

„სიტის“ ახლა 50 ქულა მოუგროვდა და 5 პუნქტით უსწრებს მეორე საფეხურზე მდგომ თანაქალაქელ „იუნაიტედს,“ თანაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

„ლივერპული“ 40 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ჰარი კეინი ჟოზე მოურინიუს სიხარულიც არის და ტკივილიც. ჰარი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია, ნამდვილი ოსტატი. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ გუნდი ძალიანაა მასზე დამოკიდებული. ტრავმა მიიღო და „დეზებმა“ მიჯრით სამჯერ წააგეს და მხოლოდ ერთხელ გაიტანეს. დაბრუნდა და - მაშინვე გამარჯვება. შესაძლოა, „ვესტ ბრომვიჩის“ დამარცხება დიდი ვაჟკაცობაც არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია რა წვლილი შეიტანა კეინმა ამ გამარჯვებაში. ის იყო ყველაფერი, ბურთების განაწილებაში, შეტევების ორგანიზებასა თუ სახიფათო მომენტების შექმნაში. ერთი გაიტანა კიდეც. ეს 27 წლის შემტევისთვის „ტოტენჰემის“ მაისურით გატანილი 208-ე გოლი აღმოჩნდა. ამისდაკვალად მან „დეზების“ ბომბარდირთა ისტორიულ სიაში მეორე ადგილზე აინაცვლა.

პორტალ OptaJoe-ს ცნობით, ჰარიმ 208 ბურთი 317 მატჩში გაიატანა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს ბობი სმიტს. პირველ ადგილზე კი ჯიმი გრივზია 266 გოლით.

ვულვერჰემპტონში ქულები დაკარგა „ლესტერმა.“ მათი შეტევების ლიდერი, ჯეიმი ვარდი 19 იანვრის შემდეგ პირველად გამოჩნდა მინდორზე. მან თიაქარის ოპერაცია გაიკეთა. ამჯერად „ბებერმა მელამ“ ბოლო ნახევარ საათს დაჰყო მინდორზე, თუმცა თავი არ გამოუჩენია.

ინგლისი

პრემიერლიგა. 23-ე ტური. 7 თებერვალი

ტოტენჰემი - ვესტ ბრომვიჩი 2:0

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური.“

1:0 კეინი (54), 2:0 სონი (58)

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, სანჩესი, ორიე (დოჰერტი 68), დევისი, ჰეიბერგი, ლამელა (ბერგვეინი 74), მოურა, სონი (სკარლეტი 90+3), ნდომბელე, კეინი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

ვესტ ბრომვიჩი: ჯონსტოუნი, ბარტლი, აჯაი, თაუნსენდი, პელტიერი, მეიტლენდ-ნაილსი, გალაჰერი, სოუერსი (იოკუშლუ 78), სნოდგრასი (პერეირა 80), გრანტი (ფილიპსი 69), დიანი

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ლამელა (64); სნოდგრასი (77), გალაჰერი (90+6)

ვულვზი - ლესტერი 0:0

ვულვერჰეპტონი. „მოლინიუ.“

ვულვზი: პატრისიუ, კოდი, კასტრო (ჰუვერი 46), სემედუ, კილმენი, ნევეში, მოუტინიუ, დენდონკერი, ნეტუ (გიბს-უაიტი 88), ვილიანი (ფაბიუ სილვა 61), ტრაორე

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

ლესტერი: შმაიხელი, ჯასთინი, სეიუნჯუ, ევანსი, პერეირა, ტილემანსი, მედისონი, ბარნსი, პერესი (ოლბრაიტონი 61), ჩადჰური, იჰეანაჩო (ვარდი 61)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ნევეში (45+1); ევანსი (32), სეიუნჯუ (54), მედისონი (62)

ლივერპული - სიტი 1:4

ლივერპული. „ენფილდი.“

0:1 გიუნდოგანი (49), 1:1 სალაჰი (63 პენ), 1:2 გიუნდოგანი (73), 1:3 სტერლინგი (76), 1:4 ფოდენი (83)

37-ე წუთზე გიუნდოგანმა ვერ გაიტანა პენალტი

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ჰენდერსონი, რობერტსონი (ციმიკასი 85), ვეინალდუმი, ალკანტარა (შაჩირი 68), ჯონსი (მილნერი 68), მანე, სალაჰი, ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სიტი: ედერსონი, კანსელუ, სტოუნზი, დიაში, ზინჩენკო, როდრი, გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, ფოდენი, მაჰრეზი (ჟეზუსი 72), სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ალკანტარა (3), ფაბინიო (70); დიაში (62)

შეფილდი - ჩელსი 1:2

0:1 მაუნტი (43), 1:1 რუდიგერი (54 საკ. კარში), 1:2 ჟორჟინიო (58 პენ)

0.162387