ფეხბურთი

2:27 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" იტალიური დერბი მოიგო და თასის ფინალთან ერთ ნაბიჯშია

იტალიის თასის ფინალთან ტურინის „იუვენტუსი“ ერთ ნაბიჯშია. ანდრეა პირლოს გუნდმა მილანში „ინტერს“ პირველი დაპირისპირება მოუგო და ცხადია ფინალისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. თუმცა, წინ მეორე მატჩიცაა და ისიც ნათელია, რომ „ინტერი“ არ დანებდება.

„სან სიროზე“ კი ტურინელთა რევანში შედგა, რადგან ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მილანელებმა „იუვეს“ დამაჯერებლად 2:0 მოუგეს. ახლა უკვე შავ-თეთრების დღეს იყო, კერძოდ, კრიშტიანუ რონალდუსი, რომელმაც დუბლი შეასრულა.

თუმცა, მანამდე „ინტერი“ იგებდა. ნიკოლო ბარელას ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ლაუტარო მარტინესმა მატიას დე ლიხტს დაასწრო და ანგარიში გაიხსნა. „იუვეს“ გასათანაბრებლად 17 წუთი დასჭირდა და გოლი კრიშტიანუ რონალდუმ ხუან კუარდადოს მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანა. პორტუგალიელმა შემტევმა 9 წუთში მეორედ დაამწუხრა მეტოქე, როდესაც ალესანდრო ბასტონის ბურთი მოპარა და დაუცველ კარში მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.

მეორე ნახევარში „ინტერის“ მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ნახევარფინალური სერიის პირველი რაუნდი ტურინულმა გრანდმა მეტოქის მოედანზე 2:1 მოიგო. გეტყვით, რომ რონალდუმ სეზონში მერვე დუბლი შეასრულა და ეს ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. მას „სან სიროზე“ 8-ჯერ ითამაშა და უკვე 6 გოლი გაიტანა (3-ჯერ „ინტერთან“, 3-ჯერ „მილანთან“).

რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ის ტურინში ზუსტად ერთ კვირაში, 9 თებერვალს გაიმართება და ფინალისტის ვინაობაც გამოვლინდება.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:2)

მილანი, „სან სირო“

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი (პინამონტი 86) - დარმიანი, ბარელა, ბროზოვიჩი (სენსი 86), ვიდალი (ერიკსენი 72), იანგი (პერიშიჩი 66) - ლაუტარო, სანჩესი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი - კუადრადო, დემირალი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - მაკკენი (კიელინი 89), ბენტანკური (არტური 76), რაბიო, ბერნარდესკი (დანილო 69) - კულუშევსკი (კიეზა 89), რონალდუ (მორატა 76)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 1:0 ლაუტარო (9), 1:1 რონალდუ (26, პენ), 1:2 რონალდუ (35)

გაფრთხილება: იანგი (25), ვიდალი (38), სანჩესი (90) - დემირალი (14), ალექს სანდრო (32), რონალდო (45), დე ლიხტი (47), არტური (86), მორატა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 7 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130107