ფეხბურთი

3:04 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომაელების დღე

იტალიის სერია A-ს მეოცე ტურის ბოლო სათამაშო დღეს არც მილანურ გრანდებს უთამაშიათ და არც „იუვენტუსს“, მაგრამ საინტერესო მატჩები მაინც გაიმართა.

უპირველესად ბერგამოში, „ატალანტასა“ და „ლაციოს“ მატჩი უნდა გამოვყოთ. ჯან პიერო გასპერინის „ატალანტა“ ბოლო წლებში ალბათ, ყველამ გაიცნო და წინა ტურში ლიდერი „მილანი“ მისსავე მოედანზე 3:0 შეარცხვინა, მაგრამ „ლაციოსთან“ თავად გამოიყურებოდა უსუსურად. თავის მხრივ, სიმონე ინძაგის გუნდი ბოლო ხანს მაგარ ფორმაშია და მიჯრით მეხუთე თამაში მოიგო. „ლაციალემ“ ბერგამოშიც მაგრად ითამაშა და პირველ წრეში 1:4 მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო - 3:1! „არწივებმა“ ლამაზი გოლებიც გაიტანეს და სატურნირო ცხრილში სწორედ „ატალანტა“ მოიტოვეს უკან. სიანტერესო მაინც მატჩისშემდგომი მოვლენები იყო. „ლაციომ“ ეს გამარჯვება მოედანზე ისე აღნიშნა, თითქოს რომელიმე ტიტული მოეგოს, ხოლო „ატალანტას“ თავკაცი ჯან პიერო გასპერინი ცინიკურ ღიმილს ვერ იკავებდა. როგორც მან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომაელთა ასეთი სიხარული იმით იყო გამოწვეული, რომ „ლაციო“ ხშირად სატურნირო ცხრილში „ატალანტაზე“ უკან არის. თავის მხრივ, სიმონე ინძაგის ასისტენტი მას ვალში არ დარჩა და გასპერინის ასეთი რეაქცია 2019 წელს იტალიის თასის ფინალს დაუკავშირა, როცა „ლაციომ“ „ატალანტას“ აჯობა და როგორც თქვა, იმ მარცხს ვერ ივიწყებს. მოკლედ, დიდი პოლემიკა იყო, რაც იტალიისთვის უჩვეულო სულაც არ არის.

„ლაციოს“ გამარჯვებას გამარჯვებითვე უპასუხა „რომამ“ და ისევ მესამე ადგილზეა, შესაბამისად, სკუდეტოსთვისაც იბრძვის. პაულუ ფონსეკას გუნდმა „ვერონა“, რომელსაც ამ ტურამდე „იუვენტუსთან“ ერთად ყველაზე ცოტა გოლი ჰქონდა გაშვებული, ძალიან ადვილად დაამარცხა. რომაელებმა 9-წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაუტანეს გუნდს, რომლის დაცვას აქამდე ყველაზე მეტად აქებდნენ. სხვათა შორის, „რომას“ ჩავარდნები აქვს, მაგრამ ამ სეზონში მეტად ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და მასთან ხუმრობა არავისთვისაა დასაშვები.

და ბოლოს, „ნაპოლი“, რომელმაც შინ „პარმა“ პრაგმატულად 2:0 დაამარცხა. ჯენარო გატუზოს გუნდისთვის ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინა ტურში უქულოდ დარჩა და ახლაც წაფორხილება იტალიელი სპეციალისტის არც ისე მყარ სკამს, კიდევ უფრო შეარყევდა. ახლა, „ნაპოლი“ ოთხეულთან ისევ ახლოსაა და არც საჩემპიონო შანსი აქვს დაკარგული.

„სპეცია“ – „უდინეზე“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დე პაული (52, პენ)

„ატალანტა“ – „ლაციო“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 მარუშიჩი (3), 0:2 კორეა (51), 1:2 პაშალიჩი (79), 1:3 მურიქი (82)

„კალიარი“ – „სასუოლო“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (75), 1:1 ბოგა (90)

„კროტონე“ – „ჯენოა“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 დესტრო (25), 0:2 შიბორა (29), 0:3 დესტრო (50)

„ნაპოლი“ – „პარმა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ელმასი (32), 2:0 პოლიტანო (82)

„რომა“ – „ვერონა“ 3:1 (3:0)

გოლები: 1:0 მანჩინი (20), 2:0 მხითარიანი (22), 3:0 მაიორალი (29), 3:1 კოლი (62)

თეგებისერია A
0.13086