ფეხბურთი

16:23 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერი შეთანხმებულია: გიორგი აბურჯანია ესპანეთში გუნდს შეიცვლის

გიორგი აბურჯანია „ოვიედოს“ ტოვებს და კარიერას „კარტახენაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემები დარწმუნებით იტყობინებიან. როგორც ცნობილი გახდა, კლუბები უკვე შეთანხმდნენ და 26 წლის ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდება.

აბურჯანია „ოვიედოში“ სეზონის წინ გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. ლა ლიგა 2-ში 22 ტური მიილია და ის მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა (ჯამში 83 წუთი), კიდევ ორი თამაში კი ესპანეთის თასზე ჩაატარა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის მოლოდინი, რაც მას „ოვიედოში“ ტრანსფერის წინ ჰქონდა.

„კარტახენა“ კი ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაშია ჩართული და ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს. ესპანური გუნდი 22 ტურის შემდეგ 20 ქულით აუტსაიდერთა რიგებშია „სარაგოსასთან“ და „ალკორკონთან“ ერთად. მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს.

აბურჯანიას ესპანეთში „სევილია“ მეორე გუნდში, „ლუგოსა“ და ტარაგონას „ხიმნასტიკში“ უთამაშია, ხოლო ბოლო სეზონი ენსხედეს „ტვენტეში“ დაჰყო. იქამდე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ფამაგუსტას „ანორთოსისში“ და ქართულ კლუბებში - „ლოკომოტივში“, „დილასა“ და „მეტალურგში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში გიორგის 19 უგოლო თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112616