სხვა

4:42 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიცბუელის სუპერ გიგანტი ვინსენტ კრიხმაირმა მოიგო

ავსტრიის სამთო კურორტ კიცბუელში, სამთო თხილამურებში მსოფლიო თასის სუპერ გიგანტის რბოლა გაიმართა, რომელიც ავსტრიელი ვინსენტ კრიხმაირის გამარჯვებით დასრულდა. კრიხმაირისთვის ეს ამ სეზონში პირველი გამარჯვება და მესამე კვარცხლბეკია.

კრიხმაირი შეჯიბრზე მე-5 ნომრით გამოვიდა და 0.12 წამით ჩამოიტოვა შვეიცარიელი მარკო ოდერმატი, რომელმაც საბოლოოდ, მეორე ადგილის შენარჩუნება შეძლო. ეს მისთვის ამ სეზონში სუპერ გიგანტში პირველი კვარცხლბეკია.

მესამე ადგილი კი ავსტრიელმა მათიას მაიერმა დაიკავა, ვინც კიცბუელში ჩატარებულ სამივე ჩქაროსნულ რბოლაში შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. ეს კი ძალიან დიდი იშვიათობაა. მაიერმა დაშვების რბოლები მეორე და მესამე ადგილებზე დაასრულა. საინტერესოა, რომ ბოლო ორ სეზონში, ავსტრიელებს და შვეიცარიელებს კიცბუელში ბადალი არ ჰყავთ. ხუთ რბოლაში მათ კვარცხლბეკზე 15-დან 10 ადგილი დაიკავეს.

ამ მოგებით, კრიხმაირს სუპერ გიგანტის კლასიფიკაციაში 241 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზე გადავიდა. მას 16 ქულით ჩამორჩება შვეიცარიელი მაურო კავიცელი, მესამეზე კი ნორვეგიელი ალეკსანდერ ომოდტ კილდეა.

0.134185