სხვა

2:37 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოფია გოჯიამ ზედიზედ მეოთხე დაშვება მოიგო

იტალიელ სოფია გოჯიას მსოფლიო თასის მიმდინარე სეზონში, დაშვებაში ბადალი არ ჰყავს. შვეიცარიის კრანს მონტანაში მან ზედიზედ მეორე, სულ კი სეზონში ყველაზე ჩქაროსნული დისციპლინის ზედიზედ მეოთხე რბოლა მოიგო.

შვეიცარიის სამთო კურორტზე გოჯიას გარდა, სხვა იტალიელმა მოთხილამურეებმაც აკარგად იასპარეზეს - ელენა კურტონი გამარჯვებულს 0.60 წამით ჩამორჩა და მესამე ადგილი დაიკავა. 23 წლის ლაურა პიროვანო კი მეოთხე ადგილს დასჯერდა და ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

იტალიელებს სრული ტრიუმფის საშუალება არ მისცა შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ, ვინც გასულ სეზონში კრანს მონტანაში ორივე რბოლა მოიგო. ამჯერად კი მხოლოდ შესანიშნავ ფორმაში მყოფ გოჯიას ჩამორჩა (0.27 წამით).

„დღეს ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს გუშინდელი გამარჯვება მხოლოდ ვარჯიში იყო. ასე შევძელი, რომ სტარტზე საღი გონებით და გამარჯვების მოლოდინის გარეშე გავსულიყავი, რაც ძალიან დამეხმარა“, - განაცხადა გოჯიამ.

შვეიცარიაში მოპოვებული ორი გამარჯვების წყალობით, გოჯია დაშვების ჩათვლაში გამორჩეული ლიდარია, აბსოლუტურ ჩათვლაში კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მას შანსი აქვს, აბსოლუტურში ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამციროს. ამისთვის კი კვირას სუპერ გიგანტშიც კარგი შედეგი უნდა აჩვენოს, მომდევნო უქმეებზე კი გერმანიის გარმიშ-პარტენკირხენში დაშვებასა და სუპერ გიგანტშიც თავი გამოიჩინოს.

ამის შემდეგ კი კორტინა დ’ამპეცოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116219