ფეხბურთი

2:40 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება 120 წუთში: "ბარსელონამ" მესამე დივიზიონის გუნდთან იწვალა

ესპანეთის სამეფო თასიდან 1/16 ფინალში მადრიდის „რეალი“ სეგუნდა B დივიზიონის (მესამე დივიზიონი) ბინადარმა „ალკოიანომ“ გააგდო და „ბარსელონაც“ იმავე ლიგაში მოთამაშე „კორნელიამ“ ანერვიულა.

თუმცა, რონალდ კუმანის გუნდის სასახელოდ ის უნდა ითქვას, რომ არ გავარდნილა, ავად თუ კარგად მერვედფინალის საგზური მაინც მოიპოვა. თუმცაღა, ამისთვის 90 წუთი არ ეყო და 120 წუთი დასჭირდა.

უნდა აღინიშნოს „კორნელიას“ მეკარის, რამონ ხუანის საოცარი თამაში, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ მის გუნდს არ წაეგო. სრულიად უცნობმა მეკარემ ჯერ მირალემ პიანიჩს და შემდეგ უსმან დემბელეს აუღო პენალტები! შედეგად, 90 წუთში მან გოლი არ გაუშვა და დამატებითი დრო დაინიშნა.

აი, იქ „კორნელიამ“ და რამონ ხუანმა ვეღარ გაძლეს. დემბელემ შეცდომა გამოასწორა, ხოლო საბოლოო ანგარიში მარტინ ბრაითვაითმა დააფიქსირა. სხვათა შორის, „ბარსას“ დამატებით დროში რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდა...

„კორნელია“ – „ბარსელონა“ 0:2 დ.დ (0:0)

გოლები: 0:1 დემბელე (92), 0:2 ბრაითვაითი (120)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117926