სხვა

5:53 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრუმი ერთ ფეხში სისუსტეს უჩივის

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანლი კრის ფრუმი, 2019 წლის კრიტერიუმ დუ დოფინისას მომხდარ ავარიაში მიღებული ტრავმების შემდეგ, ჩვეულ ფორმაში ჯერაც ვერ შესულა. ამის გამო, გასულ სეზონში „ინეოსმა“ ტურის მონაწილე გუნდში არ შეიყვანა, ვუელტაზე კი მხოლოდ 98-ე ადგილს დასჯერდა.

ფრუმი ახალ სეზონს ახალ გუნდთან, „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენთან“ ერთად იწყებს და იმედი აქვს, რომ ტურზე მიღწევებს გააგრძელებს. თუმცა აღიარებს, რომ მარჯვენა ფეხში დაახლოებით 20 პროცენტით ნაკლები ძალა აქვს. მისი მზადების პროცესი, სწორედ ამ ფეხის კუნთოვანი მასის მომატებასა ძალის გაზრდაზეა გათვლილი.

დიდი რბოლების შვიდგზის ჩემპიონი (ტურზე ოთხი გამრჯვების გარდა, ორჯერ აქვს მოგებული ვუელტა და ერთხელ - ჯირო) ახალი სეზონისთვის მზადების პარალელურად, სარეაბილიტაციო კურსს, „რედ ბულის“ სანტა მონიკას (შტატი კალიფორნია) ცენტრში გადის.

„გასულ სეზონში ჩატარებული იზოკინიტიკური ტესტებისას გავარკვიეთ, რომ მარჯვენა ფეხში დაახლოებით 20 პროცენტით ნაკლები ძალა მქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ რეაბილიტაციის პროცესი 100 პროცენტით დასრულებული არ იყო. ახლა კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, ორ თითო-საათიან სესიას ვასრულებ და ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ნაოპერაციებ ფეხში კუნთოვანი მასა გაიზარდოს“, - ამბობს ფრუმი და დასძენს, რომ ვუელტაზე რბოლისას ტკივილის შეგრძნებას, გაურკვეველი მიზეზი იწვევდა.

„ვუელტას შემდეგ რამდენიმე სკანირება ჩავიტარე და გაირკვა, რომ გადაბმის ერთ-ერთი დეტალი ძვალთან ახლოს იყო და შესაძლოა, დატვირთვისას კუნთის გაღიზიანებას ეს იწვევდა“, - დასძენს ბრიტანელი ველომრბოლი.

„ახლა ჩემს კარიერაში უდიდესი გამოწვევის წინაშე ვარ. არამხოლოდ იმიტომ, რომ ორი წელია, რაც ტურზე არ გამოვსულვარ. უბრალოდ ჩვენს სპორტში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, ვის წინააღმდეგ რბოლის გამოცდილებაც არ მაქვს. ასეთია მაგალითად, ტადეი პოგაჩარი. რაც შეეხება ასაკს, ჩემთვის ეს გონების მდგომარეობაა. ველოსიპედით რბოლისას, თავს ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ. სპორტში შედარებით გვიან მოვედი. მაგრამ კვებითი რეჟიმი და ვარჯიში დიდხანს დარჩენის საშუალებას იძლევა. გაიხსენეთ ალეხანდრო ვალვერდე. ის 40 წლისაა და ისევ მსოფლიოში საუკეთესოების დონეზე ასპარეზობს. ეს შესაძლებელია და ჩემი მხრივაც ვეცდები ამის დამტკიცებას“, - ამბობს ფრუმი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171372