ფეხბურთი

2:05 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერი" პრემიერლიგის სათავეში, "ჩელსი" - ღრმა კრიზისში

ინგლისის პრემიერლიგის სათავეში „ლესტერ სიტი“ მოექცა! „მელიებს“ მაგარი სეზონი აქვთ და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი ამბიციები საფუძვლიანია. ბრენდან როჯერსის გუნდმა ლონდონის „ჩელსის“ დამაჯერებლად მოუგო.

ვილფრიდ ნდიდიმ უკვე მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, ტაიმის ბოლოს კი ჯეიმს მედისონმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ნაანტრაქტევს არაფერი შეცვლილა და მასპინძლებმა იმარჯვეს. „ლესტერმა“ 38 ქულას მოუყარა თავი და პირველ ადგილზე აინაცვლა. მართალია, ალბათ დროებით, რადგან მდევრებს მე-19 ტურში არ უთამაშიათ, მაგრამ ესეც საქმეა და ვინ იცის მეორე წრეში რა მოხდება.

საპირისპირო განწყობაა „ჩელსიში“. მართალია, ლონდონური გუნდი ლიდერს ჯერ მხოლოდ 9 ქულით ჩამორჩება, მაგრამ პირველ პიზიციაზე 7 გუნდი უსწრებს, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ 7 გუნდს უნდა გადაუსწროს.

ფრენკ ლამპარდის გუნდი აშკარა კრიზისშია. ცნობისთვის, „არისტოკრატებმა“ ბოლო 8 მატჩიდან 5 წააგეს... და კიდევ ერთი: 2015 წელს ჟოზე მოურინიო „ჩელსიდან“ სწორედ „ლესტერთან“ მარცხის შემდეგ გაუშვეს, შეიძლება ისტორია განმეორდეს. ყოველშემთხვევაში ლამპარდის პოზიცია მყარი ნამდვილად აღარ არის.

„ლესტერი“ – „ჩელსი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ნდიდი (6), 2:0 მედისონი (41)

0.153144