ფეხბურთი

15:46 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნევილი ქალთა ნაკრებიდან მაიამიში წავიდა

ფილ ნევილმა ინგლისის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვადამდე დატოვა და MLS-ის „ინტერ მაიამი“ ჩაიბარა.

ფეხბურთის ასოციაციაში იმედოვნებდნენ, რომ ნევილი „ძუ ლომებს“ ტოკიოს გადატანილ ოლიმპიადაზე გაუძღვებოდა, მაგრამ 43 წლის ფილმა ოკეანის გაღმა გადაბარგება არჩია, გუნდში, რომლის თანამფლობელიც მისი მეგობარი, დევიდ ბექემია.

„მოხარული ვარ, რომ „ინტერ მაიამის“ გაწვრთნის საშუალება მომეცა. ეს ახალგაზრდა კლუბია უამრავი პერსპექტივითა და პლუსებით. ფანტასტიკური საფეხბურთო ბაზარია, რომელიც თანმიმდევრულ მუშაობასა და გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბებას ითხოვს. მოუთმენლად ველი როდის შევუდგები საქმიანობას.“ - თქვა ნევილმა.

ფილმა „ძუ ლომები“ სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა. ამ ხნის განმავლობაში მან გოგონებს ქალთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დააკავებინა და ქალთა ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „She Believes Cup“ მოაგებინა. თუმცა, ამასობაში, ფიფას რეიტინგში ინგლისელები მესამედან მეექვსე ადგილამდე დაქვეითდნენ.

ორიოდ კვირის წინათ, ქალთა ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბარონესა სუ კემპბელმა, BBC-უთხრა: ზაფხულში, ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრიტანეთის გაერთიანებულ გუნდს ფილი გაუძღვებაო, მაგრამ ახლა მათ ახალი მწვრთნელის მოძებნა მოუწვთ, ალბათ დროებითი დამრიგებლის პოვნას ეცდებიან, რადგან მთავარი კანდიდატი, სარინა ვიგმანი, ოლიმპიადაზე ნიდერლანდების ქალთა ნაკრებს გაუძღვება და მხოლოდ შემდეგ შეძლებს „ძუ ლომების“ ჩაბარებას.

ნევილი ამბობდა, გაერთიანებული ბრიტანეთის ნაკრების გაწვრთნა განსაკუთრებული პატივიაო, მაგრამ „მაიამიმ“ გადაძალა.

დევიდ ბექემი: „ფილს ჯერ კიდევ „მამჩესტერის“ აკადემიიდან ვიცნობ. ჩვენ მსგავსი საფეხბურთო გენეტიკა გვაქვს. მას სწორედ ის ფასეულობები აქვს, რაც ახალ კლუბში მინდოდა დამემკვიდრებინა.

ის ძალიან პატიოსანი და ერთგული ადამიანია. შესაშური ენერგიის პატრონი. ყველა, ვინც ფილს იცნობს, იცის, რომ ლიდერის განსაკუთრებული თვისებებითაა დაჯილდოებული. ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, ახალ კლუბში მოსინჯოს ძალები.“ - ამბობს ბექემი.

ბექემი და ნევილი ისტორიაში ყველაზე წარმატებულ „,მანჩესტერ იუნაიტედში“ ათ წელიწადზე მეტ ხანს ირჯებოდნენ მხარდამხარ.

ზემოთხსენებული ბარონესა ამბობს: „ფილის სტატუსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების მოთამაშისა, დიდად დაგვეხმარა ქალთა ფეხბურთის განვითარებაში. დიდია მისი წვლლი ქალ-მწვრთნელთა მომზადებასა და ახალგაზრდა ფეხბურთელების განსწავლაში.“

თავად ნევილი კი ნაკრებში მუშაობას ასე ახასიათებს: „ჩემთვის დიდი პატივი იყო სამ წელიწადს მემუშავა ქალთა ეროვნულ გუნდში. ყველა გოგონა, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურა აცვია, უნიჭიერესი და თავდადებული სპორტსმენია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია.“

მაშ ასე, ნევილისთვის ახალი, ამერიკული თავგადასავალი იწყება.

0.125814