ფეხბურთი

2:09 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„დიდი სემის“ პირველი გამარჯვება და შმაიხელის მე-400 ლესტერული

შარშან 16 დეკემბერს, სემ ელარდაისი „ვესტ ბრომვიჩის“ გადასარჩენად დანიშნეს გუნდის მთავარ მწვრთნელად. და აი, 16 იანვარს მან პირველი გამარჯვების სიხარული იგემა ახალ კლუბთან ერთად. თანაც როგორი ტკბილი - „შავი ქვეყნის დერბიში,“ მოსისხლე მტერ „ვულვერჰემპტონთან“ სტუმრად - 2:3. ხუთი გოლი და ორი პენალტი - ასეთი იყო ამ მატჩის შედეგი. დუბლი მიითვალა ვესტბრომვიჩელთა 24 წლის ბრაზილიელმა შუახაზელმა, მათეუს პერეირამ. ორივე გოლი მან პენალტით გაიტანა.

„შავი ქვეყნის დერბი“ (Black Country derby) უკვე დიდი ხანია ამ გუნდებს შორის თამაშდება. ეს ქალაქები ერთმანეთთან 18 კილომეტრითაა დაშორებული ვესტ მიდლენდის ბლექ ქანთრის რაიონში, სახელწოდებაც აქედან მოდის.

„ვულვზმა“ კი ლიგის ბოლო ექვს შეხვედრიდან მეოთხედ წააგო.

„ლიდსი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა, ამჯერად შინ „ბრაიტონთან“ (0:1). ამან ერთობ დაამწუხრა მათი დამრიგებელი მარსელო ბიელსა: სამივე ეს შეხვედრა სხვაგვარი შედეგით შეგვეძლო დაგვესრულებინა. მაგრამ თავს კარგად ვერ ვიცავთო - უთხრა არგენტინელმა BBC-ს.

ერთობ გაუჭირდა „ჩელსის“ სტუმრად „ფულემთან,“ რომელიც 44-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ენტონი რობინსონი უშნოდ მოიქცა, მეტოქის მოედანზე უბრალო ასპილიკუეტა მოცელა. რომ არა ეს გაძევება, მასპინძლებს ეგებ მეორე ტაიმშიც გამოსვლოდათ წარმატებული კონტრთამაში, მაგრამ...

ერთადერთი ბურთი 78-ე წუთზე მეისონ მაუნტმა გაიტანა. ამაში მას ფულემელთა მეკარე ალფონს არეოლაც დარხმარა და არც მცველებს უთამაშიათ გამართულად.

ბოლოსკენ „ფულემი“ გააქტიურდა, გოლები კი წესით, ისევ სტუმრებს უნდა გაეტანათ, მაგრამ ტიმო ვერნერის უგოლო სერია გრძელდება. გერმანელს შარშანდელი ნოემბრის შემდეგ აღარ გაუტანია. ვერ ივარგა ამჯერადაც. ჩელსიმ სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ცხრილში 29 ქულით მე-7 ადგილზეა.

შაბათის გვიან მატჩში „ლესტერმა“ შინ „საუთჰემპტონს“ 2:0 მოუგო და მეორე ადგილზე დადგა.

„წმინდანებმა,“ წინა შეხვედრაში „ლივერპულის“ დამმარცხებლებმა, ამჯერად ლესტერშირში ვეღარ იყოჩაღეს. მასპინძლებმა აშკარად აჯობეს მათ და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს. ანგარიში ჯეიმს მედისონმა გახსნა. მან კარგად გამოიყენა იური ტილემანსის შესანიშნავი პასი საჯარიმოში და ახლოდან, მაგრამ მახვილი კუთხიდან გაუტანა ალექს მაკარტის.

საბოლოო წერტილი კი ჰარვი ბარნსმა დასვა, რომელიც მეხუთე დამატებულ წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვია.

არ ჩანდა ჯეიმი ვარდი. სამაგიეროდ „მელიების“ მეკარე კასპერ შმაიხელმა მე-400 საიუბილეო მატჩი ჩაატარა „ლესტერის“ მაისურით.

როგორც ვთქვით, ამ გამარჯვების შემდეგ ბრენდან როჯერსის გუნდი მეორე ადგილზეა, მაგრამ კვირას „ლივერპული“ – „მანჩესტერია.“ ლიდერთა მატჩი. თამაში „ენფილდზე“ თბილისის დროით საღამოს ცხრის ნახევარზე დაიწყება.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-19 ტური. 16 იანვარი

ლესტერი - საუთჰემპტონი 2:0

ლესტერი. „კინგ პაუერი.“

1:0 მედისონი (37), 2:0 ბარნსი (90+5)

ლესტერი: შმეიხელი, ჯასთინი, ფოფანა (სეიუნჯუ 53), ევანსი, კასტანი, ტილემანსი, ნდიდი, ოლბრაიტონი, ბარნსი, მედისონი (პერესი 77), ვარდი (იჰეანაჩო 90+1)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერი

საუთჰემპტონი: მაკარტი, უოკერ-პიტერსი, სტეფენსი, ბედნარეკი, ბერტრანი, არმსტრონგი, დიალო (ვალერი 87), უარდ-პროუსი, სმოლბონი (ნლუდლუ 61), ადამსი (ლონგი 72), უოლკოტი

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ფოფანა (15), ოლბრაიტონი (45); დიალო (44), ბერტრანი (59)

ფულემი - ჩელსი 0:1

ლონდონი. „ქრეივენ კოტეჯი.“

0:1 მაუნტი (78)

ფულემი: არეოლა, ადარაბიოიო, ანდერსენი, აინა (ბრაიანი 83), რობინსონი, რიდი, დე კორდოვა-რიდი (კამარა 83), ტეტე, ზამბო ანგისა, კავალეირუ (ონომა 79), ლუკმენი

მწვთრთნელი: სკოტ პარკერი

ჩელსი: მენდი, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, სილვა, ჩილუელი, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო (აბრაჰამი 65), მაუნტი, ზიეში (ჰადსონ-ოდოი 75), პულიშიჩი, ჟირუ (ვერნერი 75)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: პიტერ ბენქსი

გაფრთხილება: დე კორდოვა-რიდი (69), ლუკმენი (88); ზიეში (72), სილვა (82), ასპილიკუეტა (90+4)

გაძევება: რობინსონი (44)

ვულვზი - ვესტ ბრომვიჩი 2:3

0:1 პერეირა (8 პენ), 1:1 ფაბიუ სილვა (38), 2:1 ბოლი (43), 2:2 აჯაი (52), 2:3 პერეირა (56 პენ)

ლიდსი - ბრაიტონი 0:1

0:1 მოპე (17)

ვესტ ჰემი - ბარნლი 1:0

1:0 ანტონიო (9)

0.152768