ტურ დე ფრანსის ყოფილი (2019) ჩემპიონი, კოლუმბიელი ეგან ბერნალი სქოლიოზს მკურნალობს და ამბობს, რომ წელს პირველად აპირებს ჯირო დ’იტალიაზე გამოსვლას.
იტალიის ველომარათონზე მასთან ერთად, გრანდ ტურების კიდევ სამი ჩემპიონი იასპარეზებს. ესენი არიან ჯიროს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაო გეოგეგან ჰარტი, ჯიროს 2019 წლის ჩემპიონი, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი და ტურ დე ფრანსის 2018 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი გერეინ ტომასი. ოთხივე „ინეოს გრენადერსის“ წევრია.
24 წლის ველომრბოლი ამბობს, რომ ჯირო ახალ სეზონში მისთვის პირველი არჩევანი იქნება. არადა გასული სეზონის ბოლოს ამბობდა, რომ მისთვის პრიორიტეტად ისევ ტურ დე ფრანსი დარჩებოდა.
გასულ სეზონში ბერნალმა ტურზე ტიტულის დასაცავად იასპარეზა, მაგრამ ზურგის ტკივილის გამო, რბოლას ადრე გამოეთიშა.
„ჯიროზე სიამოვნებით გამოვალ. ახლახანს, კოლუმბიაში მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ ტურისთვის ვემზადები. მაგრამ კალენდარში ჯირო უფრო ადრეა. ჩემს გონებაში, პირველ რიგში სწორედ ჯიროს სტარტზე გამოსვლაა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული რამ იქნება. არ ვიცი, ისეთ ფორმაში თუ ვიქნები, რომ იქ გუნდის ლიდერად წარვსდგე. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია“, - ამბობს ბერნალი.
კოლუმბიელ ველომრბოლს ახალი სეზონის კალენდარი ჯერ შედგენილი არ აქვს. მას იმედ აქვს, რომ თებერვალში ასპარეზობას შეძლებს. ის ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და „სუპერ მოტივირებულია“.
ჯირო დ’იტალია 8-30 მაისს გაიმართება.







