ფეხბურთი

2:20 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არწივებმა" "მგლები" ადვილად დაჯაბნეს

იტალიის სერია A-ს მე-18 ტური სუპერდაპირისპირებით გაიხსნა. „სტადიო ოლიმპიკოზე“ რომაული დერბი შედგა, რომელშიც ნომინალური მასპინძლის რანგში „ლაციომ“ „რომა“ ძალიან ადვილად და დამაჯერებლად დაამარცხა.

უმაყურებლოდ „დერბი დელა კაპიტალე“ უცნაური სანახავი გამოდგა. ცხადია, ცარიელ არენებზე ფეხბურთი ისეთი ელფერის აღარ არის, მაგრამ ეს თუ სხვა მატჩებზე მეტ-ნაკლებად ჩანდა, რომაულ დერბის მეტისმეტად დაეტყო.

სიმონე ინძაგის „ლაციო“ გაცილებით კარგი იყო და დამსახურებულად მოიგო. მატჩის დასაწყისშივე ყველაფერი გაირკვა. მანუელ ლაძარის ორი აქტიურობა, ორი გოლით დასრულდა. ჯერ ჩირო იმობილემ გაიტანა, მერე ლუის ალბერტომ და „რომა“ უშანსოდ დარჩა. პაულუ ფონსეკას გუნდს არ შეეძლო და ვერც ვერაფერი გააკეთა. უფრო მეტიც, მეორე ტაიმში ლუის ალბერტომ დუბლი შეასრულა. ესპანელი „ლაციოს“ პირველი ფეხბურთელია 1998 წლის შემდეგ, ვინც „რომასთან“ საშინაო მატჩში დუბლი შეასრულა. ბოლოს ეს რობერტო მანჩინის ჰქონდა გაკეთებული.

„ლაციომ“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება პირველად მოიპოვა, 31 ქულა დააგროვა და ჯერ მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „რომა“ 34 ქულით მესამე პოზიციას ინარჩუნებს.

„ლაციო“ – „რომა“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 იმობილე (14), 2:0 ლუის ალბერტო (23), 3:0 ლუის ალბერტო (67)

0.137821