ფეხბურთი

2:12 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესის მორიგი რეკორდები

შაბათის სათამაშო დღის გამხსნელი მატჩი ერთობ სახალისო გამოდგა. თოვლიანი მადრიდისგან განსხვავებით, სამხრეთულ ანდალუსიაში მშვენიერი დარი იდგა და ბურთაობაც ფიცხელი გახურდა. მე-12 წუთისთვის ანგარიში უკვე 2:2 იყო...

მასპინძლები იუსეფ ენ-ნასირის დუბლით ორჯერ დაწინაურდენ მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. შესვენებამდე მომენტები კიდევ იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. კერძოდ, მაროკოელს შეეძლო დუბლი ჰეთ თრიქად ექცია, ოდნავ არ გაუმართლა. მესამე გოლი ენ-ნასირიმ მაინც შეაგდო, მეორე ტაიმის დასაწყისშივე - 3:2.

ასე დამთავრდა თამაში. „სევილიამ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, „სოსიედადს“ დაეწია და მე-6 ადგილზე დგას, თუმცა ბასკურ კლუბზე სამი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდის, მეორეს კი არაფერი. ასეთი ვითარება იყო ამჯერად კარგად ნაცნობ გრანადას „ნუევო ლოს-კარმენესის“ სტადიონზე, სადაც ზაფხულში ევროპა ლიგის მატჩში ჩვენი „ლოკომოტივი“ „გრანადას“ გმირულად ებრძოდა.

ამჯერად „გრანადამ“ 0:4 წააგო, მაგრამ სიუჟეტის მიხედვით, ასეთ განადგურებას მასპინძლები არ იმსახურებდნენ. მათაც ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს. კატალონიელთაგან დუბლი ანტუან გრიზმანმა და ლეო მესიმ მიითვალეს. არგენტინელს ჯამში მიმდინარე ჩემპიონატში 11 გატანილი გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა სიას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.

განსაკუთრებით ეფექტური გახლდათ ლეოს მეორე გოლი. ის საჯარიმოს ასრულებდა. ყველა ელოდა, რომ სფეროს ტრადიციულად „ცხრიანში“ გაუშვებდა, მაგრამ არგენტინელი ძალიან ეშმაკურად მოიქცა, ბურთი მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა და მეტოქე მეკარე-მცველები ხახამშრალი დატოვა. ლეოს ასეთები ადრეც გაუკეთებია, თუმცა დიდი ხნის წინათ.

ამის შემდეგ მესიმ მთავარ კონკურენტს, „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს, ზუსტი საჯარიმო დარტყმების რაოდენობით გაუსწრო - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta Sport.

33 წლის არგენტინელმა კატალონიური კლუბის მაისურით საჯარიმოდან ყველა ტურნირში 48 ბურთი გაიტანა (37 პრიმერაში), ეს ერთით მეტია, ვიდრე პორტუგალიელის მაჩვენებელი - 47 სულ, 32 - ჩემპიონატებში.

მესი ასევე პირველი ფეხბურთელი გახდა ესპანეთის ჩემპიონატში, ვისაც ზედიზედ15 სეზონის განმავლობაში, მინიმუმ 10 გოლი გაუტანია...

„რეალმა“ თოვლიან პამპლონაში „ოსასუნასთან“ უგოლო ფრე ითამაშა. ამისდაკვალად, „ატლეტიკოს“ გადასწრების და გაპირველების შანსი დაკარგა.

მართალია, მინდორი თოვლისგან გაწმინდეს, მაგრამ მაინც დამძიმებული იყო. პირველ ტაიმში მომენტები თითქმის არ შექმნილა. მეორეში მადრიდელებმა ბურთი „დაიჭირეს,“ მეტოქეც შეავიწროვეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.

ახლა „რეალს“ 37 ქულა მოუგროვდა და ერთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „ატლეტიკოს,“ რომელსაც, მეტოქეებზე სამი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მესამეზე კი 34-ქულიანი “ბარსელონაა.“

ესპანეთი

პრიმერა. მე-18 ტური. 9 იანვარი

სევილია - სოსიედადი 3:2

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“

1:0 ენ-ნესირი (4), 1:1 კარლოსი (5 საკ. კარში), 2:1 ენ-ნესირი (7), 2:2 ისაკი (12), 3:2 ენ-ნესირი (46)

სევილია: ბუნუ, აკუნია, კარლოსი, კუნდე, ნავასი (ალეიშ ვიდალი 70), ხორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი (როდრიგესი 85), ოკამპოსი (ვასკესი 89), ენ-ნესირი (დე იონგი 89), სუსო (მუნირი 84)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

სოსიედადი: რემირო, მუნიოსი, სანიანი (ლე ნორმანი 46), სუბელდია, გოროსაბელი, მერინო, სუბიმენდი, გურიდი (ბარენეჩეა 56), ოიარსაბალი (ლოპესი 78), პორტუ (იანუზაი 78), ისაკი

მწვრთნელი: იმანოლ ალგუასილი

მსაჯი: ალბეროლა როხასი

გაფრთხილება: მუნიოსი (34), სანიანი (39), გურიდი (43)

გრანადა - ბარსელონა 0:4

გრანადა. „ნუევო ლოს-კარმენესი.“

0:1 გრიზმანი (12), 0:2, 0:3 მესი (35, 42), 0:4 გრიზმანი (63)

გრანადა: სილვა, ფულკიე, სანჩესი, დუარტე, ნევა (ვალიეხო 46), მონტორო (მილა 46), ეტეკი, პუერტასი, ერერა (სორო 67), მაჩისი (კენედი 65), სოლდადო (სუარესი 46)

მწვრთნელი: დიეგო მარტინესი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი (ფირპო 81), მინგესა, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი (პიანიჩი 65), დემბელე (პუჩი 73), მესი (ბრაითვეიტი 65), პედრი (ტრინკაო 73), გრიზმანი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: სოლდადო (45), სუარესი (73); მინგესა (49), ბუსკეტსი (82), ალბა (87)

გაძევება: ვალიეხო (78)

ოსასუნა - რეალი 0:0

პამპლონა. „ელ სადარი.“

ოსასუნა: ერერა, კრუსი, დავიდ გარსია, არიდანე, ნაჩო ვიდალი, ოიერი, პერესი, მონკაიოლა, ტორესი, რუბენ გარსია (ხონი 77), კალიერი (ბუდიმირი 78)

მწვრთნელი: იაგობა არასატე

რეალი: კურტუა, ვარანი, რამოსი, მენდი, კაზემირო, კროოსი, ასენსიო (ვალვერდე 66), მოდრიჩი (ისკო 75), ვასკესი, აზარი (დიასი 75), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: სესარ გრადო

გაფრთხილება არ ყოფილა

0.123832