ფეხბურთი

16:12 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლესტერის“ საშობაო საჩუქარი

„ლესტერ სიტიმ“ ახალი ფანტასტიკური საწვრთნელი კომპლექსი-ბაზა და აკადემია წარადგინა, რომლის მშენებლობა შარშან გაზაფხულზე დაიწყო და ჯამში 100 მილიონი გირვანქა დაჯდა.

ეს კომპლექსი სიგრეივში, ლესტერშირის პატარა სოფელში მდებარეობს. ის 21 საწვრთნელ ზონას მოიცავს, 14 სრულფასოვანი მოედნით.

კომპლექსი ყოფილი გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე აშენდა, სადაც 18 გოლფის საგანგებო ორმო იყო, ახლა აქედან ცხრა ისევ დარჩა და მოთამშეებს შეეძლებათ, მოცალეობისას გოლფში გაეჯიბრონ ერთმანეთს და გაერთონ. სად არის ახლა გარეთ ბეილი? მოგეხსენებათ მისი მისწრაფება გოლფისადმი.

კომლექსში სულ შვიდი შენობაა, რომლებსაც კლუბის აწგანსვენებული პრეზიდენტის, ვიშაი შრივადანაპრაბასი და მისი კომპანიის სახელები დაარქვეს.

ადმინისტრაციულ და სამედიცინო ცენტრს Vichai Srivaddhanaprabha Building ჰქვია. იქ რამდენიმე საგანგებო რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი აუზია, არის მედიაცენტრი, რესტორანი და დასასვენებელი ზონა. იქვეა სატრენაჟორო დარბაზი და ჰიდროთერაპიის ცენტრი, რომელსაც King Power Centre დაარქვეს. მოგეხსენებათ, ასევე ჰქვია კლუბის სტადიონს.

საერთოდ, King Power International Group ტაილანდური ტურისტული ჯგუფია, რომლის სათაო ოფისი ბანგკოკში მდებარეობს. ფირმის გენერალური დირექტორი 2018 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე ვიშაი შრივადანაპრაბასი გახლდათ. ახლა იქაც და კლუბის პრეზიდენტის პოსტზეც ის ვაჟმა - აიავატმა შეცვალა.

კლუბის ძველი ბაზა (Belvoir Drive) კი, სადაც „ლესტერი“ 60 წელიწადზე მეტ ხანს ვარჯიშობდა და ემზადებოდა, კლუბის ქალთა გუნდს გადაეცემა.

„ძალიან ვღელავთ, რადგან სულ ცოტა ხანში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საწვრთნელ ბაზაზე დავიდებთ ბინას“ - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი, რომელიც თავის ახალ კაბინეტს შობის წინ, boxing Day-ზე, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩამდე (26 დეკემბერს) დასრულებულ მდგომარეობაში პირველად ნახავს.

„ბოლო თვეებში იქ რამდენჯერმე ვიყავი. ახლა კი გადაბარგების დრო მოვიდა. მოუთმენლად ველით. ეს აბსოლუტურად სხვა, ახალი სამყაროა. ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა კლუბის ისტორიაში, მას შემდეგ, რაც ტაილანდელი ბიზნესმენები მოვიდნენ. ეს ობიექტი უკეთესს გახდის ფეხბურთელებსაც და ადამიანებსაც.“

ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, აიავატმა კი დაამატა: „ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც კლუბში მოვედით, დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ. თუმცა, მრავალწლიანი პერსპექტივის ასპექტში, ეს ალბათ ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

ოცნება რეალობად გვექცა. სიგრეივის გარემო დიდ სამსახურს გაუწევს როგორც დღევანდელ მწვრთნელ-ფეხბურთელებს, ასევე მომავალ თაობებსაც.“

0.147973