ფეხბურთი

1:03 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: შოთა არველაძემ "ფახთაქორი" დატოვა

ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტი შოთა არველაძემ დატოვა. 47 წლის ქართველი სპეციალისტის განცხადებით, უზბეკეთში დიდი გამოცდილება მიიღო, მაგრამ ახალი გამოწვევის დროა და ამიტომაც, კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა.

არველაძემ "ფახთაქორის" ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კლუბში სათამაშო სტილი დაამკვიდრეს.

"სამი წლის შემდეგ, "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერასაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და ფახთაქორის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში. კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა", - დაწერა შოთამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე "ფახთაქორს" 2017 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდს 5 ტიტული მოაგებინა - ორ-ორჯერ უზბეკეთის ჩემპიონატი და უზბეკეთის თასი, ხოლო ერთხელ უზბეკეთის ლიგის თასი. შოთას მანამდე "კაისერისპორი", კასიმპაშა", "ტრაბზონსპორი" და თელ-ავივის "მაკაბი" გაუწვრთნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116319