ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი ამბობს, რომ იმ წყვეტის გამო, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, ტოკიოს გადადებულ ოლიმპიადაზე, მსოფლიო რეკორდების დამყარება მოსალოდნელი არაა.
ფელპსი ახლა 35 წლისაა. მას ოთხ ოლიმპიადაზე, ოქროს 23 მედალი აქვს მოპოვებული, რიტაც ყველა დროის საუკეთესო მოცურავედ არის მიჩნეული. და მან ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს მოცურავისთვის რეჟიმის შეცვლა. ის ამბობს, რომ ლოკდაუნის დროსაც, ბევრი სპორტსმენი ძველებურად ვარჯიშს აგრძელებს, მაგრამ აუზში ვარჯიში და საშეჯიბრო პრაქტიკა აკლიათ, რაც მათს შესაძლებლობებს აკნინებს.
„არიან მოცურავეები, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ, რისი კონტროლიც შეუძლიათ. ისინი ცურავენ, როგორც შესაძლებელია. მაგრამ შეჯიბრის ერთი წლით გადადება იმაზე მეტია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, - ამბობს ფელპსი, ვისაც თავისი კარიერის განმავლობაში, მსოფლიოს 39 რეკორდი აქვს დამყარებული.
„საუკეთესოთა შორის საუკეთესონი იბრძოლებენ და მათგან სწრაფი ცურვაა მოსალოდნელი, მაგრამ მსოფლიო რეკორდები? არ მგონია. იმ დროს, როცა აუზები დახურულია, ვიღაც წარმოუდგენლად იდეალური უნდა იყოს, რომ ასეთი ჩამორჩენა აღმოფხვრას“, - დასძენს ფელპსი.
ის ამბობს, რომ ფსიქოლოგიური მზადების პროცესის წყვეტაც თავის გავლენას იქონიებს. ბევრი სპორტსმენი სპორტულ ფორმას აღიდგენს, მაგრამ მისი განწყობა საბრძოლველად შესაძლოა მზად არ იყოს. ფელპსის თქმით, აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენებს ამ მხრივაც ეხმარება, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.







