ფეხბურთი

2:19 | 10.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მაინც პირველია, "ინტერი" ევროთასებს დაემშვიდობა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია და ბოლო სათამაშო დღემ მერვედფინალი სრულად დააკომპლექტა. ბერგამოს „ატალანტას“ შემდეგ პლეი-ოფში თამაშის უფლება მადრიდის „ატლტიკომ“, „რეალმა“ და „გლადბახმა“ მოიპოვეს.

'

A ჯგუფში მიუნხენის „ბაიერნმა“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ 2:0 აჯობა. ეს თამაში საერთოდ არაფერს წყვეტდა და ფორმალობა იყო. სამაგიეროდ, „ზალცბურგი“ – „ატლეტიკოს“ თამაშში მეორე ადგილის ბედი გაირკვა. ავსტრიელები გამარჯვების შემთხვევაში შეძლებდნენ შემდეგ ეტაპზე გასვლას, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდმა კლასისა და გამოცდილების ხარჯზე აჯობა მეტოქეს. ჰერმოსოსა და ფერეირა-კარასკოს გოლებით „როხიბლნაკომ“ მოიგო და რთულად, მაგრამ მაინც ჯგუფური ეტაპი დაძლია.

B ჯგუფი ყველაზე საინტერესო გამოდგა. ოთხივე გუნდი ინარჩუნებდა შანსს და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მადრიდულ დუელში მონაწილეებმა გაიხარეს. კარიმ ბენზემამ „გლადბახს“ პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუტანა და ზინედინ ზიდანის გუნდმა გარდამტეხი თამაში მოიგო. ისე მოხდა, რომ „შახტართან“ ორი მარცხის მიუხედავად, „სამეფო კლუბმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. წაგების მიუხედავად, ჯგუფიდან „გლადბახიც“ გავიდა, რომელსაც პარალელური მატჩის შედეგი დაეხმარა წარმატებაში. „ინტერს“ ან „გლადბახს“ რომ მოეგოთ, გერმანული გუნდი ჯგუფში ჩარჩებოდა, მაგრამ მილანში გოლი არ გასულა. შედეგად, სხვათა შორის, „შახტარიც“ კმაყოფილი დარჩა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო ანტონიო კონტეს „ინტერი“ ჯგუფში ჩარჩა, ზედიზედ მესამე სეზონია! წინა ორი წლისგან განსხვავებით, ამჯერად ბოლო ადგილზე გავიდა... ვთქვათ, რომ დავით ხოჭოლავამ 36-ე წუთიდან ითამაშა და ძალიან კარგადაც.

C ჯგუფში ისედაც ყველაფერი გარკვეული იყო. „მანჩესტერ სიტი“ და „პორტუ“ პლეი-ოფში არიან, „ოლიმპიაკოსი“ ევროპა ლიგაზე, „მარსელი“ ბოლო ადგილზე.

ბერგამოს „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია -ზედიზედ მეორედ. პატარა იტალიური გუნდი აგრძელებს ევროპაში ჩინებულ გამოსვლას და ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში სულ მეორედ თამაშობს, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ჯან პიერო გასპერინის გუნდს ბოლო ტურში ამსტერდამში, „აიაქსთან“ ქულაც ხელს აძლევდა, მაგრამ მოიგო. უნდა აღინიშნოს, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა საკმაოდ სუსტი თამაში აჩვენა და მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად უნდა მოეგო, მეტოქის დაცვის შეწუხება პრაქტიკულად ვერ შეძლო. ბერგამოელებმა კი თავისი შანსი გამოიყენეს დამსახურებულად მოიგეს. 85-ე წუთზე ლუის მურიელმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

პარალელურად, „ლივერპული“ დანიაში მოჰამედ სალაჰის სწრაფი გოლით იგებდა, მაგრამ „მიდტიულანდმა“ მისთვის საპატიო და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა - 1:1. „ლივერპული“ მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა, „ატალანტა“ მეორეა. რაც შეეხება „აიაქსს“, ნიდერლანდური გრანდი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

ერთი დღის შემდეგ განახლდა „პარი სენ ჟერმენისა“ და „ბაშაკშეჰირის“ მატჩი, რომელიც გუშინ შეწყდა, რისი მიზეზიც მეოთხე მსაჯის რასისტული სიტყვა გახდა. თამაში მე-14 წუთიდან განახლდა. და ფრანგებმა ძალიან ადვილად მოიგეს. თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში მუხლი მოიყარეს და მარჯვენა ხელი ცისკენ აღმართეს - ეს იყო გუშინდელი ინციდენტის პასუხი - არა რასიზმს.

პსჟ-ს პლეი-ოფის საგზური განაღდებული ჰქონდა, მაგრამ პირველ ადგილზე გასასვლელად მოგება სჭირდებოდა. ნეიმარმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, კილიან მბაპემ დუბლი და პარიზულმა გუნდმა 5:1 მოიგო. H ჯგუფში პსჟ პირველია, „ლაიფციგი“ მეორე, „მანჩესტერი“ კი ევროპა ლიგის მოსაგებად იბრძოლებს.

A ჯგუფი

„ბაიერნი“ – „ლოკომოტივი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ზულე (63), 2:0 ჩუპო-მოტინგი (80)

„ზალცბურგი“ – „ატლეტიკო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჰერმოსო (39), 0:2 ფერეირა-კარასკო (86)

B ჯგუფი

„რეალი“ – „გლადბახი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბენზემა (9), 2:0 ბენზემა (32)

„ინტერი“ – „შახტარი“ 0:0 (0:0)

C ჯგუფი

„მანჩესტერ სიტი“ – „მარსელი“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ტორესი (48), 2:0 აგუერო (77), 3:0 გონსალესი (90, ა.გ)

„ოლიმპიაკოსი“ – „პორტუ“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ოტავიო (10, პენ), 0:2 ურიბე (77)

D ჯგუფი

„აიაქსი“ – „ატალანტა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მურიელი (85)

„მიდტიულანდი“ – „ლივერპული“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 სალჰი (1), 1:1 შოლცი (62, პენ)

H ჯგუფი

„პსჟ“ – „ბაშაკშეჰირი“ 5:1(3:0)

გოლები: 1:0 ნეიმარი (21), 2:0 ნეიმარი (38), 3:0 მბაპე (42, პენ), 4:0 ნეიმარი (50), 4:1 მეჰმეთ ტოპალი (57), 5:1 მბაპე (62)

0.154147