ფეხბურთი

2:34 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ და "იუვემ" "ბარსა" უკან მოიტოვეს, "მანჩესტერი" ჯგუფში ჩარჩა

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩები რვა ჯგუფში გაიმართა და სამი მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა. „ლაციო“, „პარი სენ ჟერმენი“ და „ლაიფციგი“ პლეი-ოფში არიან, შესაბამისად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯგუფში ჩარჩა, იმის მიუხედავად, რომ „წითელ ეშმაკებს“ საწყის ორ ტურში პსჟ-სთან და „ლაიფციგთან“ 6 ქულა ჰქონდათ მოპოვებული.

E ჯგუფში ყველაფერი გარკვეული იყო და ორივე მატჩი ფორმალურ ხასიათს ატარებდა. „ჩელსიმ“ „კრასნოდართან“ ძალები დაზოგა და მარცხს ჟორჟინოს გოლით გადაურჩა, ხოლო „სევილიამ“ სტუმრად „რენს“ აჯობა. თავისთავად, ამ შედეგებს სატურნირო ცხრილზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია: „ჩელსი“ პირველია, „სევილია“ მეორე, „კრასნოდარი“ მესამე, ხოლო „რენმა“ ევროასპარეზი დატოვა.

F ჯგუფში „დორტმუნდი“ „ზენიტს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ გამარჯვება მაინც მოიპოვა. რითაც, ლუსიენ ფავრის გუნდმა ჯგუფში პირველი პოზიცია ირგუნა და მერვედფინალში უკეთესი მეტოქის მოლოდინშია. რომის „ლაციომ“ კი „ბრიუგესთან“ ლამის წააგო, რაც ჯგუფში ჩარჩენად დაუჯდებოდა. სიმონე ინძაგის გუნდი ორჯერ იგებდა, შემდეგ რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ბელგიელებმა ჯერ გაათანაბრეს და შემდეგ უკან მოუხედავად შეუტიეს. მსაჯის კომპენსირებულ დროში „ლაციო“ ხარიხამ გადაარჩინა. არადა, „ბრიუგეს“ რომ მოეგო, თავად გადიოდა მერვედფინალში. ახლა კი, „ლაციო“ გავიდა, რომელმაც ამ წარმატებას 2000 წლის შემდეგ პირველად მიაღწია. ამრიგად, „დორტმუნდი“ პირველ პოზიციაზე გავიდა, „ლაციო“ მეორეზე, „ბრიუგე“ მესამეზე და „ზენიტი“ მეოთხეზე

G ჯგუფში ევროპა ლიგის საგზური კიევის „დინამოს“ დარჩა, რომელმაც შინ „ფერენცვაროში“ 1:0 დაამარცხა. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ საკუთარ გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში ვერ დაეხმარა.

პარალელურად კი 2.5 წლის შემდეგ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დუელი შედგა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პირველი მატჩი, რომელიც მისმა გუნდმა შინ 0:2 წააგო, კორონავირუსის გამო გამოტოვა. ახლა კი მოედანზე იყო, დუბლი შეასრულა და „იუვენტუსმა“ 3:0 იმარჯვა! ანდრეა პირლოს გუნდმა მაგარი ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად იმარჯვა. „იუვეს“ პირველი ადგილი მხოლოდ მოგების და ისიც მინიმუმ 3 გოლის გატანის შემთხვევაში დარჩებოდა (ოღონდ არა 3:2-ზე). ტურინელებმა ამოცანა შეასრულეს და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდნენ. რონალდ კუმანის „ბარსელონას“ კოშმარული დღეები კი გრძელდება. კატალონური გრანდი კრიზისშია და იქიდან გამოსასვლელი გზაც არ ჩანს. რონალდუმ ანგარიშ მე-13 წუთზე მისსავე მოპოვებული პენალტით გახსნა, ხოლო 7 წუთში ვესტონ მაკკენიმ ეფექტური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. 52-ე წუთზე რონალდუმ მეორე პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მოკლედ, „იუვენტუსი“ პირველია, მეორე „ბარსელონა“, მესამე კიევის „დინამო“ და მეოთხე - „ფერენცვაროში“.

და ბოლოს, H ჯგუფი, სადაც „ლაიფციგმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გააგდო. გერმანულ გუნდს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს და ამოცანა შეასრულა. მეტიც, გერმანელები მე-80 წუთამდე 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლოს „მანჩესტერმა“ სიტუაცია დაძაბა, ორი გოლი გაიტანა, თუმცა მეტი ვეღარ მოასწრო და ინგლისური გრანდი ევროპა ლიგაზე ითამაშებს, „ლაიფციგი“ პლეი-ოფში.

უთამაშებელი გავიდა მერვედფინალში პსჟ, რომელიც „ბაშაკშეჰირს“ დაუპირისპირდა, მაგრამ თამაში შეწყდა და სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება. საქმე ისაა, რომ თურქული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი პიერ ვებო მეოთხე მსაჯს რასიზმში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, მსაჯმა მას „ნეგრო“ (შავი) უწოდა და ამის გამო ფეხბურთელებმა თამაში გაგრძელებაზე უარი თქვეს. მიუხედავად ამისა, „პარი სენ ჟერმენი“ მერვედფინალშია, „ბაშაკშეჰირმა“ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

E ჯგუფი

„ჩელსი“ – „კრასნოდარი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 კაბელა (24), 1:1 ჟორჟინიო (28, პენ)

„რენი“ – „სევილია“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 კუნდე (32), 0:2 ენ-ნესრი (45), 0:3 ნე-ნესრი (81), 1:3 რუტერი (86, პნე)

F ჯგუფი

„ლაციო“ – „ბრიუგე“ 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 კორეა (12), 1:1 ვორმერი (15), 2:1 იმობილე (27, პენ), 2:2 ვანაკენი (76)

„ზენიტი“ – „დორტმუნდი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 დრიუსი (16), 1:1 პიშჩეკი (68), 1:2 ვიტსელი (78)

G ჯგუფი

„ბარსელონა“ - „იუვენტუსი“ 0:3 (0:2)

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი; დესტი, არაუხო, ლენგლე (უმტიტი 55), ალბა (ფირპო 55); პიანიჩი, დე იონგი - ტრინკაუ (ბრეითვეითი 55), მესი, პედრი (რიკი პუჩი 55); გრიზმანი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

იუვენტუსი (3-4-1-2): ბუფონი - დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი; კუადრადო (ბერნარდესკი 85), მაკკენი, არტური (ბენტანკური 71), ალექს სანდრო; რემზი (რაბიო 71); მორატა, (დიბალა 85) რონალდო (კიეზა 90)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 რონალდო (13, პენ), 0:2 მაკკენი (20), 0:3 რონალდო (52, პენ)

გაფრთხილება: ალბა (27), ლენგლე (31), უმტიტი (60), ფირპო (78) - რემზი (29), მორატა (54), დანილო (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (7 ) – 7 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)

„დინამო კიევი“ – „ფერენცვაროში“ 1:0 (1:0)

გოლები: 1:0 პოპოვი (60)

H ჯგუფი

„ლაიფციგი“ – „მანჩესტერი“ 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 ანხელინო (2), 2:0 ჰაიდარა (13), 3:0 კლუივერტი (69), 3:1 ბრუნო ფერნანდეში (80, პენ), 3:2 პოგბა (82)

პსჟ - „ბაშაკშეჰირი“ - შეწყდა

0.109864