ევანდერ ჰოლიფილდი მაიკ ტაისონს პროფესიონალურ კრივში დაბრუნებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დროა, მსოფლიოს ორმა ყოფილმა ჩემპიონმა, ძველი მეტოქეობა განაახლოს.
ჰოლიფილდმა თავისი მოწოდება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 54 წლის ტისონმა 51 წლის როი ჯონს უმცროსთან, ლოს ანჯელესის სტეიპლს სენტერში ჩატარებული საჩვენებელი ბრძოლა, ფრედ დაასრულა.
ჰოლიფილდი ამბობს, რომ ჯონსთან შეხვედრა ტაისონისთვის გახურება იყო, მასთან შეხვედრა კი ნამდვილი ბრძოლა იქნება, რომლის ხილვასაც მთელი მსოფლიო მოისურვებს.
„გვეყოფა თავის მართლება. ეს ბრძოლა უნდა გაიმართოს. შაბათ საღამოს თქვი, რომ ჩემთან შესახვედრად მზად ხარ. ჰოდა მოვაწეროთ ხელი კონტრაქტს და რინგზე ავიდეთ, ტაისონ. მსოფლიო გველის და ახლა ჯერი შენზეა, მე მზად ვარ“, - მიმართავს 58 წლის ჰოლიფილდი ტაისონს.
ისინი რინგზე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. პირველი ბრძოლა მე-11 რაუნდში დასრულდა - ჰოლიფილდმა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. მეორე ბრძოლა კი ტაისონის დისკვალიფიკაციით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს ყური მოაკვნიტა.
როდესაც ტაისონმა განაცხადა, რომ რინგზე საჩვენებელი ბრძოლის გამართვას აპირებდა, ჰოლიფილდი მაშინვე გამოეხმაურა და შეხვედრა შესთავაზა. მაგრამ პრომოუტერებმა როი ჯონსი ამჯობინეს.
„ჩემი მხარე ეცადა ბრძოლის ორგანიზებას, მაგრამ პასუხად მხოლოდ თავის მართლება მივიღეთ. ახლა ვხედავ, თუ რატომ სურდა მას გასახურებელი ბრძოლა, სანამ ჩემთან შეხვედრაზე იფიქრებდა. როი ჯონსი მაიკისთვის კარგი ადგილობრივი ოპონენტია, ჩემთან შეხვედრა კი გლობალური ამბავი იქნება. ეს არის ერთადერთი ბრძოლა, რომლის ნახვაც ყველას სურს. და არ ვიცი მიზეზი, რომლის გამოც ის არ უნდა გაიმართოს“.







