ფეხბურთი

18:50 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა ევროპა ლიგისთვის: ბოლო ტურში "ლოკომოტივი" - "დილას" ფინალია

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ორი მატჩი გაიმართა და ორივე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. სხვათა შორის, ამ ორ თამაშში 13 გოლი გავიდა...

ქუთაისში, „ტორპედომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ქულები ორივესთვის ძალიან მნივშნელოვანი იყო. იმერლები პლეი-აუტის ზონიდან ამოსვლას ცდილობენ, ხოლო „ლოკო“ ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებას ლამობს.

თამაში „ტორპედომ“ ჩინებულად დაიწყო და პირველივე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ანგარიში გახსნა. მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც მოხდა - „ლოკომოტივმა“ პირველ წუთზე გაშვებული გოლის მიუხედავად, შესანიშნავად ითამაშა და მეტოქე 5:1 გაანადგურდა. დუბლები შეასრულეს მამია გავაშელიშვილმა და ირაკლი სიხარულიძემ, ხოლო ერთი გოლი ომარ იმრანის ანგარიშზეა. „ლოკომოტივმა“ 29 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მესამე ადგილზეა, გორის „დილას“ კი ორი ქულით უსწრებს.

„დილამ“ თავის მხრივ, გორში თბილისის „საბურთალო“ ნამდვილ თრილერში დაამარცხა, რომელიც ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშა. ლევან კორღალიძის გუნდი „დილას“ სამჯერ უგებდა - ჯერ 1:0-ს, მერე 2:1, ბოლოს 3:2-ს, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა - 3:4.

გორელთა რიგებში ლაცაბიძემ, კოენმა, ეტოუმ და კოვტალიუკმა გაიტანეს და შიდა ქართლელებმა ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს. ბოლო ტურში ევროპა ლიგის საგზურისთვის პრაქტიკულად ფინალი გველოდება - „ლოკომოტივი“ „დილას“ უმასპინძლებს და ამ თამაშის შედეგი გაარკვევს, ვინ გავა მესამე ადგილზე. თბილისელებს ფრეც აწყობთ, ხოლო გორელებს მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ.

„დილა“ – „საბურთალო“ 4:3 (1:2)

გოლები: 0:1 გულიაშვილი (28), 1:1 ლაცაბიძე (33), 1:2 ტაბატაძე (45), 2:2 კოენი (46), 2:2 ქავთარაძე (58), 3:3 ეტოუ (59), 4:3 კოვტალიუკი (72, პენ)

„ტორპედო“ – „ლოკომოტივი“ 1:5 (1:2)

გოლები: 1:0 ფანცულაია (1), 1:1 გავაშელიშვილი (22), 1:2 სიხარულიძე (32), 1:3 სიხარულიძე (49), 1:4 გავაშელიშვილი (69), 1:5 იმრანი (71)

0.113338