ფეხბურთი

23:20 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მარადონამ მუნდიალი მარტომ მოიგო"

"ევერტონი" შაბათს პრემიერლიგის მეათე ტურის მატჩს "ლიდს იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარებს. Sky Sports-მა ინტერვიუ ჩაწერა გუნდის დამრიგებელთან კარლო ანჩელოტისთან, რომელმაც დიეგო მარადონაზე, მარსელო ბიელსაზე, კალვერტ-ლიუინსა და მის მიერ კლუბში გატარებულ თითქმის ერთ წელიწადზე ისაუბრა.

ანჩელოტმა განაცხადა, რომ მისი კლუბში ყოფნის პერიოდში კორონავირუსის გამო ჩაკეტვა განხორციელდა და რტული პერიოდი გამოიარა გუნდმა. ამ პერიოდმა იტალიელს ბევრი რამ ასწავლა და სირთულეების მიუხედავად, გუნდის განვითარებით კმაყოფილია.

"კლუბში გატარებული დროით ნასიამოვნები ვარ, ხოლო სპორტული ასპექტიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ გუნდი განვითარდა, რაც მე მოვედი. ჩვენ უკეთესები ვართ, ვიდრე წინა სეზონში ვიყავით და ჩვენი მიზანია შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესება."

კარლო ანჩელოტი მარსელო ბიელსას აქამდე არ შეხვედრია და ჯერჯერობით არ აქვს გამოცდილება მის გუნდებთან თამაშის. ამჯერად, იტალიელს შანსი ექნება გამოცდილი სპეციალისტს პაექრობა გაუწიოს.

"მას პირადად არასდროს შევხვედრილვარ და ახლა შემიძლია შევხვდე. მისი გუნდების თამაშის სტილი ნამდვილად მომწონს. როდესაც იგი "ბილბაოში" იყო, სტილი იგივე ჰქონდა. მიყვარს მისი საფეხბურთო სტილი და ვისურვებდი, როდესაც შესაძლებლობა მექნება, მასთან ფეხბურთზე ვილაპარაკო."

დომინიკ კალვერტ-ლიუინი პრემიერლიგაში ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე 10 გოლით იმყოფება. ინგლისელმა ცხრა შეხვედრაში შეძლო ათჯერ თავის გამოჩენა და მსგავსი შედეგი პრემიერლიგაში ჯერჯერობით არავის ჰქონია. ანჩელოტს ერთის მხრივ მოსწონს მისი გოლების რაოდენობა და აღნიშნავს, რომ კონკურენცია გუნდში მაღალ დონეზე შენარჩუნდება, თუმცა მეორეს მხრივ, ინდივიდუალური შედეგები არ აინტერესებს და მისთვის მთავარი გუნდის შედეგია.

"ინდივიდუალური შედეგებზე ორიენტირებული არ ვარ, მაგრამ ეს კონკურენციას გუნდში ზრდის. მართალია, რომ დომინიკი ამ მომენტში ძალიან გვეხმარება და ფანტასტიკურ საქმეს ასრულებს და ვიმედოვნებ, ასევე გააგრძელებს მომავალშიც. მაგრამ მიზანი მარტო გოლების გატანა არაა, მთავარია გუნდისთვის კარგად იმუშაო, როგორც ამას სხვები აკეთებენ. თავის პოზიციაზე იგი განვითარდა და ახლა უფრო მეტადაა ფოკუსირებული, ჩვენ კი მის შესაძლებლობებს უკეთესად ვიყენებთ."

მომავალი თვიდან დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ლივერპულში კლუბებს შეეძლებათ 2,000 ადამიანი შეიყვანონ სტადიონზე და "ჩელსისთან" გასამართი შეხვედრიდან გულშემატკივრების სტადონზე დაბრუნება ნელ-ნელა დაიწყება. ანჩელოტი მიიჩნევს, რომ მხარდამჭერების გარეშე თამაში მართლა უცნაურია და აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთისთვის კარგი ახალი ამბავია.

კარლო ანჩელოტის დიეგო არმანდო მარადონას წინააღმდეგ ნათამაშები ჰქონდა. კარლო და დიეგო "მილანსა" და "ნაპოლიში" თამაშობდნენ. ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ მარადონა უძლიერესი ფეხბურთელი იყო და მას არგენტინის ნაკრებში უდიდეს როლი ჰქონდა.

"იმ დროისთვის მარადონა მსოფლიოში საუკეთესო იყო. იგი ბევრი სათამაშო უნარით და ხარისხით გამოირჩეოდა. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშობ, რთულია ყოველთვის შეაჩერო და ზოგჯერ შეუჩერებელი იყო. ჩვენ არასდროს ვცდილობდით მისთვის ერთი კაცი მიგვემაგრებინა, რადგან დაცვითი ტაქტიკა გვქონდა. იგი 10 ნომრად თამაშობდა, როდესაც მე ჩემ ზონაში ვიყავი და ძალიან რთული იყო მისი შეჩერება, რადგან მას ფანტასტიკური შესაძლებლობები ჰქონდა."

"მან ბევრი მატჩი მოიგო და იმ დროს გამარჯვებები მას უკავშირდებოდა, რადგან საუკეთესო ფეხბურთელი იყო. 1986 წელს კი ვფიქრობ მარტომ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. როდესაც იგი "ნაპოლიში" იყო, მან ყველაფერი კარგად შეასრულა. ნეაპოლელებმა ტიტულები მოიპოვეს და იმ პერიოდში იგი იყო ფეხბუთელი, რომელსაც შეეძლო მარტოს მოეგო თამაშები." - აღნიშნა ანჩელოტიმ.

0.156825