სხვა

21:22 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახმა „დიდი ოცეულის" მონაწილეებს ოლიმპიური თამაშების მხარდაჭერისკენ მოუწოდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი „დიდი ოცეულის" (G20) ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც IOC-ის პრეს-რელიზშია აღნიშნული, მსოფლიოს ლიდერებმა ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების და 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმართ მხარდაჭერა სამიტის დასკვნით დეკლარაციაში გამოხატეს: მივესალმებით იაპონიის ურყევ ნებას, გაისად ტოკიოში ჩაატაროს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები. მოუთმენლად ველით 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს."

სამიტზე, რომელიც საუდის არაბეთის თავმჯდომარეობით წარიმართა, IOC-ის პრეზიდენტმა, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სპორტის მნიშვნელობას:
„სპორტს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. კორონავირუსის კრიზისმა ყველას დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია IOC-თან თანამშრომლობაზე ხელის მოწერით ამას აღიარებს. გარდა ამისა, ვემზადებით საკუთარი წვლილი შევიტანოთ ვაქცინაციის მსოფლიო კამპანიაში.

ამ კრიზისიდან ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღეთ: მეტი სოლიდარობა გვჭირდება. მეტი სოლიდარობა საზოგადოების შიგნით და მეტი სოლიდარობა საზოგადოებებს შორის. გადავადებულ ტოკიო-2020-ის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე მალე აღვნიშნავთ სოლიდარობის ამ დემონსტრაციას. ეს თამაშები სოლიდარობის, სიმტკიცის და კაცობრიობის ერთობის ძლიერ სიგნალს გაგზავნის."

IOC-ის პრეზიდენტმა G20-ის მონაწილეებს თხოვნით მიმართა, მხარი დაუჭირონ ოლიმპიური თამაშების და IOC-ის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს: „მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ ჩვენს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, რაც ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გლობალური სოლიდარობის უდიდეს სიმბოლოდ აქცევს."

GEONOC.ORG.GE
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11943