ჩოგბურთი

3:05 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თიმმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და ფინალში გავიდა

ლონდონში მიმდინარე ATP-ს ფინალის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, ავსტრიელმა დომინიკ თიმმა, სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში, 7-5 6-7(10) 7-6(5) აჯობა მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს და ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა.

სეზონის დამამთავრებელი ტურნირის ფინალს მან ზედიზედ მეორედ მიაღწია და ახლა რაფაელ ნადალის და დანიილ მედვედევის შეხვედრაში მოგებულს ელის.

27 წლის ავსტრიელი წაგებასთან ახლოს იყო. მესამე სეტის ტაიბრეიკზე თავიდან 0-4 ჩამორჩა. თუმცა შეძლო თამაშის შემობრუნება და გამარჯვება მოიპოვა, რისთვისაც თითქმის სამი საათი დასჭირდა.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა პირველი სეტის მე-11 გეიმში, როცა ანგარიში 5-5 იყო, ბრეიკს მიაღწია, საკუთარ მოწოდებაზე კი გადამწყვეტი ქულა ეისით აიღო და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტის ტაიბრეიკზე თიმს შეხვედრის დასასრულებლად, ოთხი შანსი ჰქონდა, მაგრამ ერთი საკუთარი ორმაგი შეცდომით გაანიავა, დანარჩენი სამი ქულის გადარჩენაზე კი სერბმა თავად იზრუნა და საბოლოოდ, სეტიც მოიგო.

გადამწყვეტ სეტშიც საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. და ამჯერად ჯოკოვიჩმა შეძლო დაწინაურება. მაგრამ საფრთხე რომ იგრძნო, თიმმა ზედიზედ ექვსი ქულა აიღო და ორი მატჩ პოინტი მოიპოვა. ჯოკოვიჩმა ერთის გაბათილება შეძლო, მაგრამ მეტოქემ შეხვედრაში მეექვსე მატჩ პოინტის გადარჩენის შანსი, მძლავრი მოწოდებით მოუსპო.

„ეს მენტალური ბრძოლა იყო. მეორე სეტის ტაიბრეიკზე, მიზანთან ახლოს ვიყავი. ლეგენდებთან თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და მითუმეტეს აქ. ნიუ იორკში ტიტულის (აშშ-ის ღიას) მოპოვების შემდეგ მეგონა, რომ მათთან შეხვედრისას უფრო მშვიდი ვიქნებოდი. მაგრამ ვხედავ, რომ ასე არ გამოვა“, - ამბობს თიმი.

„რაც მან 0-4-ზე შეძლო, წარმოუდგენელია. ცუდად არ მითამაშია, პირველი მოწოდება კარგი მქონდა. მაგრამ მასაც ყველაფერი გამოსდიოდა. რა უნდა მექნა?“ - მეტოქეს თამაში შეუქო ჯოკოვიჩმა, ვისაც ATP-ს ფინლი ხუთჯერ აქვს მოგებული.

მოკლედ, თიმმა ტურზე მე-300 გამარჯვება მოიპოვა და ახლა შანსი აქვს, შარშანდელზე უკეთ დაასრულოს ტურნირი, რომლის ფინალშიც გასულ სეზონში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან წააგო.

P.S. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, მედვედევმა ნადალი 3-6 7-6(4) 6-3 დაამარცხა და ფინალში თიმს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115389