ფეხბურთი

1:57 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ ლიდერია, მოურინიუ დაბრუნდა

ვინც ფიქრობდა, რომ ჟოზე მოურინიუ ძველებურად „განსაკუთრებული“ აღარ არის, ვინც ფიქრობდა, რომ პორტუგალიელი „მოკვდა,“ როგორც სპეციალისტი, მწარედ ცდებოდა.

მოურინიუმ მასტერკლასი ჩაუტარა კოლეგა პეპ გვარდიოლას. ტაქტიკურად აჯობა. დაუთმო ტერიტორია. „სიტი“ ტრადიციულად მეტად ფლობდა ბურთს, წვალობდა, წვალობდა, მაგრამ მასპინძელთა დაცვას ვერაფერი დააკლო. ჩრდილოლონდონელებმა კი ორჯერ ოსტატურად „დაიჭირეს“ „ქალაქელები“ კონტრშეტევაზე და საქმე მოამთავრეს. ჯერ კორეელმა სონმა გაიტანა. ეს მისი მე-9 გოლი გამოდგა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში და ის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

სხვათა შორის, კორეელმა შემტევმა, ბოლო ხუთ შეხვედრაში (ყველა ტურნირში) „სიტი“ მეხუთედ დაამწუხრა.

მერე კი არგენტინელმა ჯოვანი ლო ჩელსომ გაიტანა შეცვლაზე შესვლიდან 35 წამში. სტუმრებმა კი ერთადერთი რეალური მომენტი ბოლო წუთზე შექმნეს, როცა დიაშის დარტყმული ლორისმა მოიგერია.

გასულ პარასკევს ერთი წელიწადი შესრულდა რაც „მოუ“ „ტოტენჰემს“ წვრთნის. ამასობაში მასზე კარგი ბევრი არაფერი უთქვამთ, ახლა კი გადაჭედილია ბრიტანული პორტალ- გაზეთები მისი ქებით.

„ტოტენჰემი“ ლიდერია, მოურინიუ დაბრუნდა.

„ჩელსიმ“ „ნიუკასლს,“ როგორც იტყვიან, კლასის ხარჯზე მოუგო და წაუგებელი სერია ცხრა მატჩამდე გაზარდა. „არისტოკრატებმა“ ყველაფერში აჯობეს „კაჭკაჭებს“ და დამსახურებული სამი ქულა შემატეს მარაგს.

სტუმართაგან საუკეთესო ახალწვეული გერმანელი ტიმო ვერნერი გახლდათ, რომელიც თითქმის ყველა სახიფათო სიტუაციაში მონაწილეობდა.

„უკეთ ვითამაშეთ და მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ბიჭების გარჯით მაინც კმაყოფილი ვარ. შარშან ამ სტადიონზე დავმარცხდით. ასე რომ, პროგრესი სახეზეა.

როცა ვერნერს ტემპი და პოზიტიური განწყობა აქვს, ის ძალიან სახიფათო ხდება ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის.

პერსპექტივაზე გვაქვს საფიქრალი, როგორ გავაუმჯობესოთ თამაში.“ - უთხრა შემდეგ ლამპარდმა BBC-ს.

გრძელდება „ასტონ ვილას“ უცნაურობები. ბირმინგემელები ხან „ლივერპულს“ უგებენ 7:2, ხან „არსენალს“ 3:0, ამჯერად კი შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ, თანაც კაცნაკლულ „ბრაიტონთან“ 1:2 დამარცხდნენ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ სტუმარ ტარიკ ლემპტის მსაჯმა მეორე ყვითელი უკვე ბოლო წუთებზე უჩვენა.

თამაშის შემდეგ მასპინძელთა დამრიგებელი, დინ სმიტი ერთობ უკმაყოფილო დარჩა მსაჯობით.

„ვეღარ გავიგე, როდის არის ჯარიმა და როდის - არა. ყველამ დაინახა, რომ „ბრაიტონის“ საჯარიმოში ჩვენს შემტევსა და მათ მცველს შორის კონტაქტი იყო. თუ VAR-იც თვლის, რომ ეს პენალტი არ არის, მაშინ აღარ ყოფილა საშველი.“ - ციტირებს სმიტის სიტყვებს BBC.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დიდი გაჭირვებით მოუგო აუტსაიდერ „ვესტ ბრომვიჩს“ – 1:0. ეს სულშერის გუნდის პირველი საშინაო გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში.

ერთადერთი გოლი პენალტით ბრუნუ ფერნანდეშმა გაიტანა, თუმცა პორტუგალიელმა პირველად ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარე სემ ჯონსტონმა აუღო. მსაჯმა წესის დარღვევა დააფიქსირა და თერთმეტმეტრიანი მასპინძლებს თავიდან შეასრულებინა. ამჯერად ფერნანდეში ზუსტი იყო.

ინგლისი

პრემიერლიგა. 9 ტური. 21 ნოემბერი

ნიუკასლი - ჩელსი 0:2

ნიუკასლი. „სენტ ჯეიმს პარკი.“

0:1 ფერნანდესი (10 საკ. კარში), 0:2 აბრაჰამი (65)

ნიუკასლი: დარლოუ, კლარკი, ლასცელი (შერი 48), ლუისი, ფერნანდესი, მანკილიო (ალმირონი 65), სენ-მაქსიმენი (კეროლი 72), ჰეიდენი მერფი, ლონგსტაფი, ჟოელინტონი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ჩელსი: მენდი, რიუდიგერი, ზუმა, ჩილუელი (ემერსონი 82), ჯეიმსი, კანტე, კოვაჩიჩი, მაუნტი, აბრაჰამი, ვერნერი (ჰადსონ-ოდოი 76), ზიეში (ჟირუ 87)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: ჰეიდენი (39), მერფი (45)

ტოტენჰემი - სიტი 2:0

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთფური.“

1:0 სონი (5), 2:0 ლო ჩელსო (65)

ტოტენჰემი: ლორისი, ორიე, ალდერვეირელდი (როდონი 81), დაიერი, რეგილონი, ჰოიბერგი, სისოკო, ნდომბელე (ლო ჩელსო 65), ბერგვეინი (მოურა 73), სონი, კეინი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელუ, როდრი, დე ბრუინი, მაჰრეზი (სტერლინგი 72), ბერნარდუ სილვა (ფოდენი 72), ტორესი, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: სისოკო (42), კეინი (90); დიაში (87), ტორესი (88)

მანჩესტერი - ვესტ ბრომვიჩი 1:0

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“

1:0 ფერნანდეში (56 პენ)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ტელესი, მაგუაირი, ლინდელოფი, ფერნანდეში, ფრედი (მაკტომინეი 84), მატიჩი, მატა (კავანი 62), მარსიალი, რაშფორდი (ვან დე ბეეკი 79)

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

ვესტ ბრომვიჩი: ჯონსტოუნი, აჯაი, თაუნსენდი, ფერლონგი, ივანოვიჩი (კროვინოვიჩი 79), ბარტლი, დიანგანა (რობსონ-კანუ 62), გალაჰერი, სოუერსი, პერეირა, გრანტი (რობინსონი 62)

მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

მსაჯი: დევიდ კუტი

გაფრთხილება: კავანი (90+1); გალაჰერი (77)

ასტონ ვილა - ბრაიტონი 1:2

0:1 უელბეკი (12), 1:1 კონსა (47), 1:2 მარჩი (56)

გაძევება: ლემპტი (90+1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11783