ძიუდო

17:38 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი წაგებული ნახევარფინალი და ოთხი მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღე ქართველებმა შესანიშნავად დაიწყეს და მედლების მოპოვების შანსი აქვთ, მაგრამ მხოლოდ ბრინჯაოს, რადგან ოთხივე ძიუდოისტმა ნახევარფინალს უწია, თუმცა ეს ბარიერი მათთვის დაუძლეველი აღმოჩნდა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა საწყის ეტაპზე ისლანდიელი ეგილ ბლონდალი, პოლონელი ტომაშ შჩეპანიაკი და ნიდერლანდელი ნოელ ვან ტ ენდი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალში გადასასვლელი ბრძოლა ბექამ სერბ ნემანი მაიდოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება.

100 კგ წონით კატეგორიაში ასევე ნახევარფინალში წააგო ვარლამ ლიპარტელიანმა. ქართველმა ძიუდოისტმა ბერძენი გეორგიოს მალიაროპულოსი, გემანელი კარლ-რიჩარდ ფრეი და აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ებრაელ პეტერ პალტჩიკთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან ელოდება დაპირისპირება.

+100 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოდიოდა და ორივემ როგორც წინა წონებში ნახევარფინალი წააგო. ლევან მატიაშვილმა საწყის სტადიაზე ნიდერლანდელ როი მეიერს, ებრაელ ორ სასონს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში რუს თემირლან ბაშაევთან თავად განიცადა მარცხი. ბრინჯაოს მედლისთვის მატიაშივლი ავსტრიელ შტეფან ჰეგის გაეჯიბრება.

ამავე წონაში ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც რუმინელი ლუკა კუშაბო და ნიდერლანდელი იურ სპიკერსს სძლია, ნახევარფინალში კი რუს ინალ ტასოევთან წააგო. ამგვარად ამ წონაში შეიძლებოდა ქართული ფინალი ყოფილიყო, მაგრამ ორივემ წააგო და ორივემ რუს ძიუდოისტებთან. ბრინჯაოს მედლისთვის თუშიშვილის მეტოქე ჩეხი ლუკას კრპალეკი გახლავთ.

შეგახსენებთ, გუშინ ტატო გრიგალაშვილმა ოქრო, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო მოიპოვა. დღევანდელი ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ გეგმავს.

0.150379