ფეხბურთი

19:07 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული შედეგი: გამარჯვება რუმინეთში და "ლანჩხუთი" ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეშია!

ქართული ქალთა ფეხბურთისთვის 19 ნოემბერი ისტორიული დღე გამოდგა. „ლანჩხუთი“ პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

გიორგი ჩხაიძის გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთში „ოლიმპია კლუჟს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა! გურულებმა მეტოქეს აჯობეს და დამსახურებულად მოიგეს. 41-ე წუთზე თოდაძემ თავური დარტყმით გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა საეჭვო ვითარებაში და გოლი გაუქმდა.

42-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელები ახლოს იყვნენ ანგარიში მაინც გაეხსნათ, მაგრამ ხატია ჭყონიას დარტყმა ძელს მოხვდა. „ლანჩხუთმა“ მაინც გაიტანა. 68-ე წუთზე ჭყონია თანაგუნდელის შესანიშნავი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია.

საქართველოს ნაკრების ფორვარდის გოლი ერთადერთი გამოდგა და მატჩის გმირი გახდა. ამრიგად, „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებს. ჩხაიძის გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური „ოკჟეტპესი“ სტუმრად დამატებით დროში 2:1 დაამარცხა, ახლა მის გზას „კლუჟიც“ გაუყენა.

„ლანჩხუთი“ პირველი ქართული ქალთა საფეხბურთო გუნდი იყო, რომელმაც ერთი წრე გაიარა ჩემპიონთა ლიგაზე და ცხადია, ასევე პირველია, რომელმაც ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. 1/16 ფინალში „ლაჩხუთის“ მეტოქე წილისყრის შედეგად 24 ნოემბერს გაირკვევა, ხოლო ორმატჩიანი დაპირისპირება 8-9 და 15-16 დეკემბერს გაიმართება.

„ოლიმპია კლუჟი“ – „ლანჩხუთი“ 0:1 (0:0)

„ლანჩხუთი“ (4-4-1-1): გაბუნია; გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ალელიშვილი; გასვიანი, თოდაძე, დანელია, ხაბურძანია; დიმოპულუ (ნარსია 78); ჭყონია (წოწერია 90)

გოლი: 0:1 ჭყონია (68)

0.113156